Exclusive: „მალე რეალური წამალი იქნება, მაგრამ მანამდე დრო უნდა მოვუგოთ კოვიდის ვერაგობას, აიცერით!“- ირმა კვიცარიძე 

გადავსებული სამედიცინო დაწესებულებები და ყოველდღიურად ათასობით ახალი ინფიცირებული - საქართველოში ეპიდვითარება დღითი დღე უარესდება. კატასტროფულად მატულობს როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების, ასევე გარდაცვლილების რიცხვი. ყველა ერთად თანხმდება, რომ აღნიშნული მძიმე ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაა. თუმცა ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყანაში არცთუ ისე სახარბიელო ნიშნულზეა.

ხელისუფლება ცდილობს პანდემიის ტალღა შეზღუდვებით შეაკავოს. თითქმის ყოველდღე ახალი აკრძალვა იწყება, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია.

რამდენად სწორად მართავს სახელმწიფო კოვიდვითარებას, იქნება თუ არა შედეგიანი ახალ-ახალი შეზღუდვები, რამ გამოიწვია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და არსებობს თუ არა ამ მძიმე ვითარებიდან გამოსავალი - ამ და სხვა კითხვებით exclusivetv.ge -მ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროს ექიმს, კლინიკის ონკოლოგიური ცენტრის კოვიდის  საკოორდინაციო სამსახურის წარმომადგენელ - ირმა კვიცარიძეს მიმართა.

ქალბატონო ირმა, პირველ რიგში, გვინდა გთხოვოთ, შეაფასოთ საქართველოში არსებული ეპიდვითარება. ინფიცირებულების და გარდაცვლილების ასეთი მკვეთრი ზრდა რამ გამოიწვია, საზოგადოების დაუდევრობამ თუ სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ?

- დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათი საქართველოში, ნამდვილად არ არის სახარბიელო! პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევარზე მეტი გავიდა და დღეს ქვეყანა დგას იმ პრობლემების წინაშე, რაც პანდემიის დასაწყისში ჰქონდათ სხვა ქვეყნებს.  გამოიკვეთა პანდემიის სწორად მართვის წარმატებული მეთოდები და საერთოდ სხვა გამოწვევებია დღეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ვიდრე საქართველოში.

მიზეზები კომპლექსურია:  ჯანდაცვის სისტემის არასწორი სტრუქტურა (საქართველოში 90% არის კერძო კლინიკა და 10 % სახელმწიფო), პანდემიის მართვისას „წარმატების“ ხიბლში დარჩენა, თავიდანვე არასწორად გაკეთებული აქცენტები, რობოტი პეპერი, „სტოპ კოვიდ“ აპლიკაცია, პირველადი ჯანდაცვის სექტორის არასათანადოდ მომზადება. პანდემიის დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ მთავარი რგოლი პანდემიის მართვაში პირველადი ჯანდაცვა უნდა ყოფილიყო, ისეთი ქვეყნებიც კი, რომელთაც ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვთ, პირველად ჯანდაცვას და ოჯახის ექიმის ინსტიტუტს აძლიერებდა, პანდემიის სამართავად, დღემდე ცდილობენ ჰოსპიტალური სექტორის მაქსიმალურად განტვირთვას. საქართველოში კი დღემდე ეს პირიქითაა. მსგავს დატვირთვას ჰოსპიტალური სექტორისა, რაც საქართველოშია, დღეს ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება, ეს აბსურდი კარგად არ დასრულდება. მოსახლეობის ინფორმირებაზე დახარჯული თანხა იქნებოდა გამართლებული, ინფორმირება ვაქცინაციაზე, კოვიდრეგულაციებსა თუ წესებზე. ოჯახის ექიმის ინსტიტუტის უკეთ მომზადებაზე, მათ აღჭურვაზე, თუნდაც ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებებით, პერსონალური კომპიუტერით, პაციენტების ელექტრონული ისტორიით და ა.შ. მოქალაქეებისათვის პირობების შექმნა რომ კოვიდ რეგულაციები უკეთ დაეცვათ. კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიის დროს, თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა გადამწყვეტია. როცა პანდემიის დაწყებიდან საკმაო დროა გასული და ადამიანებს მაინც არ ესმით,  ნიღბის სწორად გაკეთებას რა მნიშვნელობა აქვს და როგორ და რატომ უნდა ატარო ნიღაბი, ასევე დისტანციის დაცვის საჭიროება და ა.შ., რთულია მარტო ერთ მხარეს დააბრალო წარუმატებლობა.

 

რამდენად  შედეგიანი იქნება შეზღუდვები, რომლებიც სახელმწიფომ დააწესა და საერთოდ, არის თუ არა საჭირო ეს აკრძალვები (ტრანსპორტი, კომენდანტი, პირბადე ღია სივრცეში) მდგომარეობის დასასტაბილურებლად?


- შეზღუდვების ასე სწრაფად მოხსნა, რასაკვირველია, შეცდომა იყო, როცა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, ნებისმიერი სახის კოვიდ რეგულაციის მოხსნა დიდი სიფრთხილით უნდა განხილულიყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, შეცდომაა! არც ერთ ქვეყანას პანდემიის დროს არ გაუჩერებია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პირიქით დაამატეს ავტობუსები, რომ ადამიანებს დისტანციის დაცვა შესძლებოდათ ტრანსპორტში.  არც ერთი დღე არ გაჩერებულა, ის სტრუქტურები რაც ადამიანის ყოველდღიური აუცილებლობისთვის არის გათვალისწინებული! ნიღაბი ღია სივრცეში საჭიროა, თუ ახლო მანძილზე  ადამიანების გარკვეული რაოდენობაა. მაგალითად, პირადად როცა ვხედავ, რომ ქუჩაში შემხვედრად ბევრი ადამიანი მოდის, აუცილებლად ვიკეთებ ნიღაბს!

ბოლო პერიოდში, აშკარად შეინიშნება ჯანდაცვის სისტემაში კოლაფსი - არასაკმარისი სამედიცინო პერსონალი, საწოლფონდის დეფიციტი, საჭირო გახდა საველე ჰოსპიტლები, რამდენად სწორია საველე ჰოსპიტლების მოწყობა და არის თუ არა უსაფრთხო?

- საწოლფონდის დეფიციტის მიზეზი არის პანდემიის არასწორად მართვა, ძირითადი დატვირთვა უნდა იყოს პირველად ჯანდაცვაზე, ყველა კოვიდპაციენტის კლინიკაში მოთავსება არის გაუმართლებელი!

საველე ჰოსპიტლის ის ფორმა, რაც მე საქართველოში სატელევიზიო კადრებიდან ვნახე, არის არასწორი! ომის დროს საველე ჰოსპიტალი, რაც სხვადასხვა ნოზოლოგიებისათვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, კეთდება საერთოდ სხვაგვარად, ვიდრე პანდემიის-ინფექციური დაავადებების დროს. საველე ჰოსპიტალი-კარავი უნდა იყოს მაქსიმუმ 10 პაციენტისათვის განკუთვნილი, კარგი სავენტილაციო სისტემით. დიდ სივრცეში ბევრი კოვიდ პაციენტის მოთავსება არის შეცდომა, წარმოიდგინეთ, რა დიდი ვირუსის ტიტრი იქნება გარემოში.

წესით, იმ სამხედრო ჯგუფებმა, რომელთაც ნატოს წვრთნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული, ზედმიწევნით უნდა იცოდნენ როგორ კეთდება საველე ჰოსპიტალი, როცა ბიოლოგიურ ომზეა საუბარი. ახლა კი ბიოლოგიურ ომში ვართ!

როგორ ფიქრობთ, საზოგადოების უნდობლობა ვაქცინების და ექიმებისადმი, ნაკლები ინფორმირებულობის ბრალია? თუ კი, რას ურჩევდით ჯანდაცვის სისტემას ამ კუთხით?

- საზოგადოების ინფორმირებას აქვს გადამწყვეტი როლი. პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სრული ინფორმირებაა საჭირო, სწორედ ამ კონტინგენტმა უნდა გააკეთოს მოსახლეობის სწორად ინფორმირება და ვაქცინაციის სწორად წარმართვა სამედიცინო კუთხით, რაშიც იგულისხმება გართულებების დროული და სწორი მართვა. რჩევისთვის გვიანია ვფიქრობ, დროულად ვურჩიე - ღიად განვაცხადე კარგად გამოცდილი მართვის პროტოკოლი, მაგრამ ალბათ ვერ მოისმინეს.

ამ სიტუაციიდან გამოსავალს რაში ხედავთ, გარდა ვაქცინაციის?

- სიტუაციიდან გამოსავალი არის ვაქცინაცია და ვიდრე არ იქნება რეალური წამალი, მანამდე მოგვიწევს პანდემიის სამი წესის დაცვა - ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა. როცა პანდემია დაიწყო ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, რომ კოვიდთან ერთად თანაცხოვრება დიდხანს მოგვიწევს-მეთქი, გავიმეორე იმ მეცნიერის სიტყვები, ვინც ალბათ ვირუსებს ყველაზე კარგად იცნობს. ეს ფრაზა ბევრს არ მოეწონა, დღეს კი ყველას პირზე აკერია. დიახ, უნდა შევეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, მეცნიერები სწავლობენ ამ ვირუსს და ყოველ დღე ვიღებთ ახალ ინფორმაციას, როგორ და სად დავუკეტოთ კარები.

რას ურჩევდით ხალხს, რომლებიც ძალიან შეშინებულია და ვერ გადაუწყვეტიათ, აიცრან თუ არა?


- ვურჩევდი, რომ აიცრან, ეს ვაქცინები გვიცავს დაავადების მძიმედ მიმდინარეობისაგან, ვაქცინის სწორედ ეს ეფექტი არის ფასდაუდებელი მონაპოვარი! აიცერით!

და ბოლოს, რამე დამაიმედებელი რომ გვითხრათ, გვეშველება რამე ?

- გვეშველება! მალე რეალური წამალი იქნება, მაგრამ მანამდე დრო უნდა მოვუგოთ კოვიდის ვერაგობას. აიცერით!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714762909

საზოგადოება

შსს: აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ფორმების ჩაცმას გეგმავდნენ - თითქოს, პოლიცია აქციას შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ძალები გეგმავდნენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენელთა ფორმები...

შსს

1714760565

ახალი ამბები

სასტუმრო „პარაგრაფთან“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 1 პირი დააკავეს

სასტუმრო პარაგრაფთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ დაუდ...

შსს

1714759295

სოციალური მედია

„დასვენება მინდა, აწი თქვენ იბრძოლეთ“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჩემთვის ძალიან სახიფათო ჩელენჯი წამოიწყეს - „სად იყავი ნაცების დროს". სანამ შემომიხტებით სჯობს თ...

ჟურნალისტი

1714755882

ახალი ამბები

რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში? - „ქართული ოცნება“ კანონპროექტის ტექსტს ავრცელებს

„ქართული ოცნება“ აქვეყნებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სრულ ტექსტს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ყველამ უნდა წაიკითხოს კანონი და დასკვნები თავად გამოიტანოს. „ბოლო დღეებ...

პარტია "ქართული ოცნება"

1714755290

საზოგადოება

„უკრაინელია ჩემი ცოლი, ქართულად დაილაპარაკა, მაგრამ რუსული აქცენტით, ამ დროს დაიწყეს გინება“ - პროტესტის რამდენიმე მონაწილე მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს დაუპირისპირდა

2 მაისს, საღამოს საათებში, მარჯანიშვილის ხიდზე ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ნიკოლოზ გუდაძე Newshub.ge-სთან საუბარში ამბობს, მისი მეუღლე, იარუსლავა პოლიანსკავა გუდაძე ტვინის შერყევის დიაგნოზ...

მარჯანიშვილის ხიდი