გაიცანი იტალია - პორტოფინო

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge  ქართველ ისტორიკოს, ანზორ დიხამინჯიასთან ერთად იწყებს ახალ პროექტს - “გაიცანი იტალია“. 

პორტოფინო - ამ პატარა ქალაქს თავისი, გამორჩეული ხიბლი აქვს. ის იტალიის ლაჟვარდოვანი სანაპიროს ერთ ერთი უმთავრესი მარგალიტია. აქ ვერ შეხვდებით გასართობ ცენტრებს, აქ უბრალოდ არ არსებობს მხიარული დისკოთეკები და ტურისტებით გადაჭედილი კაფე-ბარები. აქ მეფობს სასიამოვნო სიმშვიდე და სიმყუდროვე. მაგრამ აი პარადოქსი - ამას ნებისმიერი ტურისტული გიდი გეტყვით რომ ამ ქალაქში მოხვედრისას სტუმარი მომენტალურად მისი ტყვე ხდება. რას იზამ, ასეთი მაგიური ძალა დაჰკრავს ამ მართლაც ულამაზეს ადგილს, რომელსაც მეორენაირად დელფინების პორტსაც ეძახიან.

ის პატარაა სულ რაღაც ხუთასამდე ადგილობრივი მაცხოვრებლებით. ზამთარში ისინი პორტოფინოში არ ჩერდებიან, აზრი არა აქვს, იქ უბრალოდ არავინაა. მაგრამ აი ზაფხულობით კი ბრუნდებიან ვინაიდან მშვენივრად იციან რომ ამ ადგილს სტუმრობს უამრავი ტურისტი მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან

პორტოფინო გენუიდან დაახლოებით 20-25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ის სიმწვანეში ჩაფლულია, მაგრამ მისი მდიდრული ვილების და სასახლეების დანახვა ჯერ კიდევ ზღვაში ყოფნისას არის შესაძლებელი. ადგილი საკმაოდ მაღალია და ის პირდაპირ გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას. მასში მოხვედრა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ვიწრო ქუჩით არის შესაძლებელი. ქუჩით, რომელიც გახურებული სეზონის პერიოდში მუდამ მანქანებით არის გადაჭედილი. საცობები იწყება სანტა მარგარიტადან, მაგრამ ამ ყველაფერსაც თავისი პლუსი აქვს, პეიზაჟების, ულამაზესი პარკების და ვილების უკეთ ნახვის შესაძლებლობა ეძლევა მის სტუმარს. ეს ქალაქი ნამდვილი რომანტიკაა. მაგრამ ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც ავტობუსებს და მატარებლებს ირჩევს. სანაპიროდან ზღვაში გასასეირნებლად ნავების ძალიან დიდი არჩევანია, ფასებიც კატასტროფული არ არის

ქალაქში ნებისმიერი სახის მშენებლობა აკრძალულია და ამიტომ პორტოფინო ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც ვთქვათ მე-19 საუკუნის მიწურულს. აქ ისვენებდნენ მწერლები და მხატვრები, აქ ატარებდა დროს ევროპის არისტოკრატია. გი დე მოპასანი, როდესაც პირველად ესტუმრა პორტოფინოს, აღფრთოვანებულმა ჩაწერა თავის დღიურში - " არასოდეს მინახავს მსგავსი სილამაზე. მე აქ გავიცანი სიმშვიდის და ჰარმონიის სამეფო“.

ეს წვრილი ბილიკი, რომელიც მთებსა და ზღვას შუა არის მოქცეული, ულამაზესი სოფლებით არის გარშემორტყმული. მთელ მსოფლიოში პორტოფინო ცნობილია როგორც სილამაზის და ელეგანტურობის სინონიმი. რა თქმა უნდა, პირველი სიტყვა რომელსაც მასში მოხვედრილი სტუმარი ხმამაღლა წამოიძახებს ეს არის - სილამაზე. ბუნების სილამაზე, ისტორიული ძეგლების სილამაზე, ზღვის სილამაზე, უძველესი ციხესიმაგრეების სილამაზე და რაც მთავარია, იქ მყოფი ადამიანების სულიერი სილამაზე

ამ ადგილის მნიშვნელობა ჯერ კიდევ ძველმა რომაელებმა დააფასეს, როდესაც ლაგუნას "დელფინების პორტი'' შეარქვეს. მასზე და მის ღირსშესანიშნაობებზე უმდიდრესი და შესანიშნავი ჩანაწერები აქვს პლინიუს უფროსს. პირველი წერილობითი ცნობები პორტოფინოზე თარიღდება 986 წლით. მე-13 საუკუნიდან პორტოფინო გენუის რესპუბლიკის შემადგენლობაშია. ერთ დროს მშვიდი და წყნარი მეთევზეთა პორტი პრაქტიკულად ერთ დღეში გენუელთა სამხედრო და საზღვაო ფლოტის უმთავრესი ნავსაყუდელი გახდა. მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც ევროპელებმა ამერიკის კონტინენტი აღმოაჩინეს. მცირე დროით ფლორენციის რესპუბლიკასაც ეკუთვნოდა, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით, გენუელთა ძალისხმევის შედეგად ის კვლავ მათ საკუთრებაშია. 1813-1860 წლებში პორტოფინო სარდინიის და პიემონტის სამეფოს ნაწილი გახდა და დასასრულს, 1861 წლიდან ქვეყნის გაერთიანებისთანავე ის იტალიის სამეფოს შემადგენლობაშია

მე-19 საუკუნის მიწურულიდან აქ ნამდვილი ცხოვრება დუღს. აქ ისვენებდა ევროპის არისტოკრატიის უმაღლესი ფენა. დამსვენებელთა და ტურისტთა ნაკადი დღითი დღე მატულობს. აქ თვალშისაცემია ერთი რამ, ტურისტულმა სფერომ მთლიანად გამოდევნა თევზის მრეწველობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. კი იჭერენ დღესაც, მაგრამ ტურიზმი მაინც პირველ ადგილზეა. ჩამოხვიდე პორტოფინოში - ეს მოდაა. აქ ისვენებენ მსახიობები და მომღერლები და აქვე იღებენ ფილმებს. 2012 წელს პორტოფინოში ჩაატარა თავისი კონცერტი ანდრეა ბოჩელიმ - " სიყვარული პორტოფინოში '', რომელმაც ქალაქს არნახული წარმატება და მანამდე უნახავი ტურისტული ბუმი აჩუქა. აქ არ არსებობს ვინმემ ვინმეს რამეში ხელი შეუშალოს : არანაირი ხალხმრავლობა და არანაირი გამაღიზიანებელი ხმაური, მხოლოდ ზღვა, სიმშვიდე და თბილი ამინდი. საკურორტო სეზონი პორტოფინოში აპრილიდან ოქტომბრამდეა

ამ ქალაქის რესტორნებში მენიუს საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია და ფასებიც საყოველთაო აღიარებით საკმაოდ მისაღები. კერძებიც საკმაოდ გემრიელია, რაც დამახასიათებელია იტალიური სამზარეულოსთვის. ხორც პროდუქტებიდან გიდები პირველ რიგში ტურისტებს ურჩევენ დააგემოვნონ TOMASELLO - ეს არის ფარშირებული საქონლის ხორცი, კვერცხით და არომატული ბალახეულით. ლიგურიის კერძებში ასევე გამორჩეული ადგილი უჭირავს თევზს, შემწვარი, მოთუშული გარნირით, მოკლედ არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუ სასტუმროში ყოფნისას ადგილი ამის საშუალებას იძლება, დამსვენებლები პირველ რიგში სწორედ ტერასას ანიჭებენ უპირატესობას. იქედან ლამის მთელი ლიგურიის სანაპირო მოჩანს

პორტოფინო მდებარეობს ეროვნული პარკის ( Parco Naturale Regionale di Portofino ) ტერიტორიაზე და როგორც ყველაზე დაცული ტერიტორია იმყოფება სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ. პორტოფინოს პარკი - ეს ყვავილებია და ფრინველები, რომლებიც საერთოდ არ უფრთხიან ტურისტებს ( ამან რატომღაც რომაელი თოლია გამახსენა სანტ ანჯელოსთან ! ) ასევე, საინტერესო არქიტექტურული ნაგებობები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასაოცარი სიგრილე ზაფხულის ცხელი ამინდის დროსაც კი.

პორტოფინოს კიდევ ერთი ხიბლი აქვს, ეს მისი წყალქვეშა სამყაროა. მსოფლიოს დაივერები ყოველწლიურად ლამის ყველა აქ ჩამოდის. მაგრამ მთავარი მისი ღირსშესანიშნაობა ეს მაცხოვრის ქანდაკებაა, რომელიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული და მდებარეობს დაახლოებით თხუთმეტი მეტრის სიღრმეში. კრისტო დელლი აბისსი - იტალიურად მისი სახელწოდება ასე ითქმის. მზიან და მშვიდ ამინდში მისი ზედა ნაწილის ნახვაა შესაძლებელი. ქანდაკება წყლიდან მხოლოდ ერთხელ ამოიტანეს - 1954 წელს

თავის ლაჟვარდოვანი წყლის და სანაპიროს სისუფთავის დამსახურებით პორტოფინომ სამართლიანად მიიღო თავისი " ცისფერი დროშა ''.

არ გაგიკვირდეთ და კაპრისგან განსხვავებით აქ პორტოფინოში ტურისტები ჩამოდიან ...... საშოპინგოდ. ერთი შეხედვით რისი ყიდვა შეიძლება ამ პატარა ქალაქში ? პირველ რიგში გეტყვით რომ ეს რა თქმა უნდა სუვენირებია. ვია რომა ეს საქმიანი ქუჩაა, რომელიც სანაპიროდან ზევით მიემართება და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაღაზიებია. აქვეა ფოსტა და ტურისტთა საინფორმაციო ცენტრი

ულამაზესი ვია პიაცეტტა - ეს იდეალური ადგილია შოპინგის შემდეგ საღამოს აპერიტივისთვის. აქ ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია და ამიტომ ფეხით მოსიარულეებს საღამოს სეირნობაში ხელს არაფერი უშლით

აქვეა მოდის საერთაშორისო ცენტრი, სადაც იკრიბება ნაღები საზოგადოება და ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ცენტრის სლოგანია - Portofino - Port of Art ( პორტოფინო - ხელოვნების ნავსადგური )

მისი კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ეს წმინდა გიორგის ტაძარია. შიგნით ის თავისი უბრალოებით გამოირჩევა, მაგრამ იქედან შთამბეჭდავი ხედი იშლება. არანაკლებ ცნობილია მის გვერდით მდებარე კასტელო ბრაუნი, რომელიც მნახველებს თავისი პირქუში იერით ლამის შოკში აგდებთ. აიგო მე-16 საუკუნეში კონტრაბანდისტებისგან თავდაცვის მიზნით. შიგნით ახლა მუზეუმია, რომელიც თავისი ექსპონატებით გამორჩეულია. ციხესიმაგრეს ირგვლივ ბაღები და ტერასები ერწყმის. ეს ადგილი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს ტურისტებში

კიდევ ერთი საინტერესო ადგილი - ეს სან ფრუტუოზოს სააბატოა, რომელსაც გვერდს დორიას კოშკი ამშვენებს. აბსოლუტურად ყველა ვისაც მისი ნახვის პატივი ერგო, აღფრთოვანებას ვერ მალავს თავისი სიდიადით

წმინდა მარტინის ტაძარი, ესეც პორტოფინოს ტურისტულ მარშრუტში შედის და წმინდა გიორგის ტაძარი. ორივე მათგანი უნიკალურ რელიკვიებს ფლობს. არ გამოგრჩეთ მარიამ ღვთისმშობლის სამრეკლო, რომელიც გოთიკურ სტილშია აგებული

პორტოფინოში არავინ არსად არ ჩქარობს. აქ არ დარბიან, არამედ სეირნობენ. აქ ფეხზე მდგომნი არ ჭამენ ნაჩქარევად, იმის შიშით არ დააგვიანდეთ, არა, სხედან წყნარად და მშვიდად. საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენ და ტკბებიან ხედებით

ეს ქალაქი პირველი ნახვისთანავე მოაჯადოებს მის სტუმრებს თავისი ექსტრავაგანტულობით და ელეგანტურობით. მოდით გულწრფელი ვიქნები, პორტოფინო პომპეზურია ყველას მიმართ, განურჩევლად ყველას მიმართ, ვინაიდან მისი ორი თვისება ფუფუნება და გრაცია აიძულებს სტუმრებს ისევ და ისევ დაბრუნდნენ აქ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 გაიცანი იტალია - კაპრი - ზეციური ნეტარება

📌 გაიცანი იტალია - აპულია - სამოთხე სამყაროს დასაწყისთან

 

                                                           

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714199655

მსოფლიო

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს

ბაღდადში ერაყელი TikTok ვარსკვლავი ომ ფაჰადი მოკლეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით BBC წერს. ერაყის შსს-ს ინფორმაციით, „სოციალურ მედიაში ცნობილი ადამიანი უცნობმა თავდამსხმელებმა მოკლეს“....

ერაყელი TikTok-ვარსკვლავი

1714163647

ჰოროსკოპი

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღის ზოგი სიახლე დადებით ემოციებს და კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. მზად იყავით ახლობელი ადამიან...

ააა

1714163468

საზოგადოება

„ხელისუფლება გარკვევით დეკლარირებს, რომ მისი პოლიტიკური ვექტორი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი, არის ევროინტეგრაცია“ - საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურება: „ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები გვა...

ზოგადი

1714161534

ახალი ამბები

ლიზა ქონიაძეს ხელი სთხოვეს

ლიზი ქონიაძე 22 წლის გახდა. დაბადების დღეზე მას რჩეულმა ხელი სთხოვა. კადრებს ლიზა სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:  „და მე ვთქვი კი“, - წერს ლიზა ქონიაძე.           View this post on Instagram      ...

ლიზა ქონიაძე

1714160555

საზოგადოება

ქუჩების ჩამონათვალი, სადაც ელექტრომომარაგება შეიზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აპრილს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი,...

შუქი დენი