“არავისთვის მითქვამს, ზოგჯერ, საქართველოსთვის ვტირი” - ექსკლუზიური ინტერვიუ ლადოსთან (ინეზა კემულარია)

მარტივი არ არის, პატარა ასაკში დამოუკიდებლად ცხოვრება მოგიწიოს, მარტომ იბრძოლო საკუთარი თავის რეალიზებისთვის, შეეწინააღმდეგო ცხოვრების ქარტეხილებს და გადალახო ყველაზე რთული ბარიერებიც კი. ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის წარმოუდგენელია, ამ ყველაფრის უკან, რეალურად, პატარა, სევდიანი ბიჭი იდგეს, მისი დიდი ცხოვრებით. ეს ყველაფერი,  ჩემთვის უცხო არ არის, მაგრამ მას ყველანი ვიცნობთ, როგორც მხიარულ, “უდარდელ” და სხვების პოზიტიური განწყობისთვის მზრუნველ ადამიანად.

ცოტამ, თუ იცის მისი რთული და მძიმე ცხოვრების შესახებ, რომელთან გამკლავებასაც  რამდენიმე წელია მარტო ცდილობს. ლადოც იმ, 90-იანელების თაობისაა, რომლებიც მძიმე სოციალურ პირობებში იზრდებოდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა ოჯახის რჩენაში საკუთარი წვლილიც შეეტანა და საცხოვრებლად ბათუმში, ბიძასთან გადავიდა. პერიოდულად რამდენიმე სამსახურში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობდა, შემდეგ კი, მის ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. 20 წლის იყო, როცა დედა უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. მაშინ, ოჯახში რთული პერიოდი, უფრო დამძიმდა და გამოსავლის პოვნად ერთადერთი გზა, ემიგრაციაში წასვლა ეჩვენებოდა. ასეც მოიქცა, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წასულა.

ინეზა კემულარია (“ინე დეი”, “კოლხი ქალი”, “მედეა 2”), მამუკა შამათავა, გუდუნა საჯაია, ლაშა ბებუა, აჭარელი ქალი “მადონა”, ისე კი, უბრალოდ ლადო. ეს იმ პერსონაჟების ჩამონათვალია, რომელიც სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ლადომ შექმნა და საზოგადოებას ვიდეოების საშუალებით გააცნო. 28 წლის ახალგაზრდა უკვე 5 წელია ემიგრანტია. საბოლოოდ, ბავშვობის ოცნება აისრულა და საყვარელ ქვეყანაში მაინც მოხვდა. გერმანიაში, ბერლინში ცხოვრობს. დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მაინც ხშირად ახერხებს მუდმივ კომუნიკაციაში იყოს საქართველოში, თუ, მის საზღვრებს გარეთ მყოფ თანამოქალაქეებთან. მისი ვიდეომიმართვები იმ ძირითად და მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზეა, რომლებიც ვიდეოს გავრცელების პერიოდში ქვეყნის ყოველდღიურობის ნაწილია. ამბობს, რომ ამ გზით, მუდმივ კავშირზეა სამშობლოსთან, ქართველ ხალხთან. მარტივი და გასაგები ხერხით ცდილობს, საზოგადოებამდე მიიტანოს  პრობლემიდან გამოსავალი, თავისებური ინტერპრეტაციით.

ლადო ExclusiveTV-ს მისი ცხოვრების, თითქმის, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ და მის მიერ შექმნილი პერსონაჟების ისტორიებს უყვება:

- ყოველთვის, როცა მეკითხებიან ჩემს წარსულზე და ბავშვობაზე მინდა თაროდან გადმოვიღო ჩემი ცხოვრების უზარმაზარი წიგნი “ხმა წარსულიდან” და დავიწყო წაკითხვა… თან, ხმამაღლა!.. დავიბადე სამეგრელოს გულში, სენაკის რაიონ, სოფელ ნოსირში 1994 წელს. პატარაობიდანვე მხიარული ბავშვი ვიყავი, განსხვავებული ვიზუალით და ხასიათით. საკმაოდ საინტერესო ბავშვობა მქონდა, ყველაზე ფერადი და ამავდროულად რთულიც… ვიზრდებოდი ორ დასთან ერთად და დღემდე საოცარი ჰარმონია მოგვყვება ურთიერთობაში. ოჯახში მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, შვილები ვერ ვგრძნობდით იმ სირთულეებს, რასაც ჩემი მშობლები გადიოდნენ. პატარა ასაკიდანვე დიდი ვიყავი და პატარაობაშივე მივხვდი, რომ ჩემი ბავშვური სურვილები და მოთხოვნილებები, გვერდზე უნდა გადამედო, მივხვდი იმას რომ ისე არაფერი მოდის!.. დიდი წვლილი მიუძღვის დედას ჩემს ადამიანად ჩამოყალიბებაში. ხასიათში გამომყვა მისი მოთმინების, თავდაჯერებულობის, შრომის, გამბედაობისა და თავგანწირვის უნარი…

თითქმის ყოველ ზაფხულს ბიძასთან ვატარებდით ბათუმში... ამიტომაც ეს ქალაქი ჩემი მეორე სახლი გახდა…

ვერ აღგიწერთ იმ სიხარულის განცდას, როცა ნოსირიდან ბათუმის მიმართულებით გავუყვებოდით ხოლმე გზას მანქანით, რამდენიმე თვით ვივიწყებდი სოფლის“მძიმე” ცხოვრებას.

- ალბათ, ბავშვობის წლები საინტერესო ისტორიებითაა დატვირთული… თუ, გახსენდება რამე განსაკუთრებული მოვლენა, რამაც თვლი, რომ შენს ადამიანად ჩამოყალიბებაზე იქონია გავლენა?

- ჩემი ბავშვობის საყვარელი ისტორია რომელმაც ბევრი რამ მასწავლა და მთელი ცხოვრება მომყვება: მქონდა ერთადერთი დაგლეჯილი ე.წ “ფხრიწებიანი” ბოტასი, რომელიც დედამ მეორადებში მიყიდა. მეცვა მხოლოდ სკოლაში და სახლში მისული ვიხდიდი, რომ უფრო მეტად არ შელახულიყო.. სულ სამი “ფხრიწი” ჰქონდა და აქედან ორი დაზიანებული იყო. ერთ დღეს, სკოლის კარებთან მისულს, ყველა “ფხრიწი” ასძვრა. უკვე ზარი დარეკილი იყო და სკოლის კარებთან ჩამოვჯექი და დავიწყე ფიქრი, თურა უნდა მექნა… ვფიქრობდი, მხოლოდ ბავშვებისგან ბულინგზე. ვფიქრობდი, რომ სახლში გავბრუნებულიყავი, რადგან არ მინდოდა ვინმეს დახეული ფეხსაცმლით ვენახე. ბევრი ფიქრის შემდეგ, თავს ვუთხარი, რომ იყავი ის ვინც ხარ და უსმინე საკუთარ გულს. სკოლის ღობეს მოვხსენი მავთული, თასმების ნაცვლად გავუკეთე ჩემს ბოტასებსდა “ამაყად” შევედი კლასში. ალბათ, ყველამ შეამჩნია მაგრამ მე თავდაჯერებულად ვიჯექი კლასელებს შორის, თითქოს რომელიმე ბრენდის ბოტასის ბოლო მოდელი მეცვა. ამ ისტორიამ ბევრი რამ მასწავლა და დღემდე ის ჩემი მეგზურია. არასდროს უსმინო სხვას, უსმინე მხოლოდ საკუთარ გულს!

- გაირბინეს ბავშვობის წლებმა, გაიზარდე და საკუთარ თავზე თავად აიღე პასუხისმგებლობა… რა ხდებოდა ამ გზის დასაწყისში?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად ბათუმში, ბიძასთან გადავედი. დავეუფლე რამდენიმე პროფესიას და ვეძებდი ჩემს თავს, თუ რა მინდოდა სინამდვილეში.

ვიმუშავე სარესტორნო სფეროში, საბავშვო ბაღში, ანიმატორად, მარკეტში კონსულტანტად, რამდენიმე თეატრშიც კი ვითამაშე.

მერე დადგა მომენტი, როცა ყველაზე მეტად მინდოდა ჩემი სახლიდან შორს ყოფნა.

- ამ მხიარულ და პოზიტიურ ადამიანს, საკმაოდ რთული და მძიმე ცხოვრება გაქვს გავლილი… უკვე, რვა წელია დედის გარეშე ცხოვრობ…

- რთულია ამის მოყოლა… ხო, დიდი უბედურება 2014 წელს, 20 წლის ასაკში დამატყდა… უბედურმა შემთხვევამ გამომაცალა ყველაზე საყვარელი ადამიანი - დედა! იმ დღეს, ბათუმში ერთ-ერთ მაღაზიში ვმუშაობდი, დედა (სამეგრელოში) სოფელში წისქვილკომბინატში დამლაგებლად მუშაობდა და ამავე ეზოში ტრაილერი შეეჯახა. მახსოვს, ტელეფონზე ჩემი დის ზარი და მისი არაამქვეყნიური ხმა, რომ დედა აღარ იყო ცოცხალი! რთულია გავიხსენო ბათუმიდან სამეგრელომდე გავლილი გზა. სიტყვებით რთულია ავხსნა, თუ რა დიდი ჭრილობით დავდივარ, რადგან დედა იყო, არის და იქნება სამყაროში ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი!

- და გადაწყვიტე ემიგრაციაში წასვლა… რა იყო შენს “ევროპულ ცხოვრებაში” დღემდე?

- ყველაზე სწორი და გაუაზრებელი საქციელი იყო ემიგრაციაში წამოსვლა… მთელი ბავშვობა ვოცნებობდი გერმანიაში ცხოვრებაზე. ერთ დღესაც დამძიმებული, დასტრესილი, სახლში მივედი და დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უნდა წავსულიყავი ქვეყნიდან, რადგან საქართველოში ჩემი ყოველი დღე წინაზე მძიმე იქნებოდა. მირჩიეს, მარტივად პოლონეთში წასვლა არის შესაძლებელიო. ვიპოვე დამსაქმებელი, გადავიხადე საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც კრედიტით და კერძო ვალით შევაგროვე და გავუყევი გზას იმ იმედით, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. გავიარე ურთულესი 3 წელი. უმუშევრობა, შიმშილი, უსახლკარობა, უფულობა. ფაქტობრივად გადავყარე, დავკარგე ბევრი ფული და ეს ყველაფერი სამწუხაროდ, ისევ ვითომ ,,ქართველი” დამსაქმებლის გამო, მაგრამ არასდროს დამიკარგავს თავი! 3 წლის განმავლობაში ვიცხოვრე არალეგალად, ეს ნიშნავს ყველაფრის გარეშე ყოფნას უცხო ქვეყანაში, სადაც იბრძვი იმისთვის, რომ შენც გადარჩე და საქართველოშიც რამდენიმე ოჯახი გადაარჩინო… რომ მკითხონ: გავივლიდი, თუ არა იგივე გზას?! ვუპასუხებ: დიახ, რა თქმა უნდა! რადგან მე ვისწავლე ბევრი რამ: ადამიანებთან მარტივად ურთიერთობა, დისტანცია, სწორად ფიქრი, სიტყვის კონტროლი, მოთმინება, გამბედაობა, პუნქტუალურობა და სიყვარულის თამამად გამოხატვა.

- გადავინაცვლოთ შენს ყოველდღიურობაში… რატომ გადაწყვიტე, ყველა მნიშვნელოვან და ასე ვთქვათ, საჭირბოროტო საკითხზე, საზოგადოებას შენი შექმნილი პერსონაჟებით დალაპარაკებოდი?

- პერსონალურად მე, ბევრ საკითხზე გამიჩნდა პროტესტი, ცოტა სხვანაირად დავინახე ესა, თუ ის პრობლემა და აუცილებლად უნდა მეთქვა! ზოგჯერ ადამიანები არ ვუსმენთ, ან არ გვინდა მოსმენა, როცა ვინმე, რაიმე საკითხზე მითითებას, ან შენიშვნას გვაძლევს, მით უმეტეს ეს, როცა პირდაპირი და მწარეა. პერსონაჟი ინეზა, საშუალებას იძლეოდა, რომ იუმორში შეფუთულიყო ესა, თუ ის საკითხი და უფრო მარტივად , დაუფარავად მიეტანა საზოგადოებამდე. 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ყველა მოუსმენდა.

- თითქმის ყველა ვიდეო ნანახი მაქვს და ძირითადად იმ მნიშვნელოვან მესიჯებზე აკეთებ აქცენტს, რაც დროის იმ მონაკვეთში, ქვეყანაში საზოგადოების პრობლემის საკითხად ითვლება… რატომ?

- არ არის მარტივი შორიდან, მაყურებლის ამპლუაში იყო და რაც შენს ქვეყანას, შენს ხალხს, შენს ოჯახს, ახლობლებს აწუხებს, იმაზე თვალი დახუჭო და არაფერი თქვა. ჩვენ საუბარს ვიწყებთ იმ დროს, როცა უშუალოდ, პიროვნულად ჩვენ შეგვეხება. ეს ჩემთვის მიუღებელია! წლებია შედარებას ვაკეთებ ქვეყნებს შორის და ვიცი, როგორი უნდა იყოს ჩემი საქართველო და ისიც ვიცი, როგორი არ უნდა იყოს. ძალიან დიდი კულტურის, ისტორიის მატარებელია ჩვენი ქვეყანა და გული მტკივა ასეთ დღეში რომ ვხედავ. ეს მხოლოდ პოლიტიკური ვითარების გამო არაა. ეს ხალხის ცივი დამოკიდებულებაა ამა, თუ იმ საკითხზე და ყველა ამბობს, რომ მისი საქმე არ არის. ასეთი დამოკიდებულებები, სამწუხაროდ,  საბჭოთა პერიოდისგან მიღებული მემკვიდრეობაა. მეფიქრება, თუ რატომ არ შეიძლება ჩემს სოფელს კარგი, მოწესრიგებული სკოლა, საბავშვო ბაღი, სკვერი, სოფლის ცენტრი ჰქონდეს და ახალი თაობა იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში, ჯანსაღი აზროვნებით, რითაც სამომავლოდ, საკუთარ თავს და ქვეყანას ასარგებლებს. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დიდი მეფეებით, ღვინის 8000 წლიანი კულტურით… დიახ, ეს ასეც უნდა იყოს! დიახ, ეს საუკუნეების წინ იყოო და ახლა, დღეს “შენ” რას აკეთებ იმისთვის, რომ ახალი ისტორია დაწერო და სარგებელი მოუტანო ქვეყანას?! ვფიქრობ, რომ ერთობა და სიყვარული ააშენებს ჩვენს საქართველოს და აუცილებლად გამოვა ამ მდგომარეობიდან რასაც დღესდღეობით ვხედავთ!

დიახ, ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟების პატარა ვიდეოებით ვცდილობ, რომ სწორად მივიტანო სათქმელი ხალხამდე ისე, რომ ეს არ იყოს მტკივნეული და ცოტა დავაფიქრო იმაზე, რომ მხოლოდ საკუთარ ოჯახზე ზრუნვით ქვეყანა არ აშენდება.

- ქართული საზოგადოების, ასევე სრულიად ემიგრანტების სიყვარული დაიმსახურეს შენმა პერსონაჟებმა, განსაკუთრებით ინეზა კემულარიამ. როგორ შეიქმნა ინეზას გმირი და თუ განასახიერებს რომელიმე კონკრეტული ადამიანის პროტოტიპს?

- ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ, დამაკლდა საქართველოსთან და სამეგრელოსთან კავშირი. ამიტომაც, გაჩნდა იდეა, რომ ჩემი პერსონაჟი ყოფილიყო მეგრელი და თან, ქალი, რადგან კაცები ცოტა დინჯები არიან. რატომ ინეზა და თან კემულარია?! ეს სულ თავისით მოვიდა, არ ვიცი, უბრალოდ გაჩნდა. ინეზა კემულარიაში ცხოვრობს რამდენიმე ადამიანი: ჩემი სოფლის მეზობელი, მასწავლებელი და ის ჩემი მოგონებები, რაც სამეგრელოსთან მაკავშირებს.  მინდოდა საზოგადოებას რეალურად დაენახა მეგრული ხასიათი და შეხედულება ამა, თუ იმ საკითხზე. ჩვენ კოლხები, ხომ ტემპერამენტიანი ხალხი ვართ, თვისებებით და  თავისებური დამოკიდებულებებით. გვიყვარს თავის გამოჩენა და ამიტომაც, ყველგან ჭარბობს მეგრელი. დიახ, ინეზა კემულარიამ ძალიან ბევრი მაყურებელი მოიზიდა, განსაკუთრებით კი ემიგრაციაში მყოფი ქართველები. ინეზამ იცის, რას ნიშნავს იყო ემიგრანტი და ცხოვრობდე შენი ქვეყნისგან შორს. ამიტომაც, განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს ამ ხალხთან. მინდა დიდი სიყვარულით და სითბოთი მოვიკითხო ყველა ემიგრანტი, რომლებიც  მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი.

- ინეზა კემულარიას ლექსიკა, ტერმინები, კილო და ინტონაცია ყველამ მაშინვე აიტაცა. ბევრი ცდილობს კიდევაც “ინე დეი”-ს განსახიერებას. როცა ვიდეოების ჩაწერა და გავრცელება დაიწყე, ელოდი ასეთ პოპულარობას?

- ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს მასშტაბები. ზოგიერთი ვიდეოს ნახვამ მილიონს მიაღწია. დღეში ასობით შეტყობინება  შემომდის და ყველა მათგანი გულს მიხარებს, რადგან ინეზას სიტყვებით მწერენ. გამოხატავენ სითბოს, მიგზავნიან ბევრ პოზიტიურ ტექსტს და ამისთვის მადლიერი ვარ თითოეული ჩემი მაყურებლის. ზოგჯერ, როგორც ლადო ისე ვუყურებ ხოლმე ინეზას ვიდეოებს და ძალიან მეცინება, რადგან პერსონაჟი ინეზა ძალიან ჰგავს  “ბებიაჩემს” და იმ ხალხს ვისთანაც ბავშვობა გავატარე. ასევე, დიდი ინტერესი მოჰყვა ტელევიზიებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაცებზე ვერ შევთანხმდით და არც მსურს, მხოლოდ რამდენიმე სატელევიზიო პროექტისთვის ასე, უბრალოდ, გერმანიაში ყველაფერი დავკარგო და ხელი ჩავიქნიო ჩემს შექმნილ გარემოზე.

- რამდენიმე დღის წინ ახალი პერსონაჟი, გუდუნა საჯაია გამოჩნდა. როგორ მოვიდა ამ პერსონაჟის შექმნის იდეა?

- ბევრ “გუდუნებს” შევხვდი გერმანიაში. რამდენიმე დღის წინ მეტროში ქართულ-მეგრული კილოთი საუბარი მომესმა, ახალგაზრდა კაცი ესაუბრებოდა საქართველოში, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებს და უხსნიდა, რომ ორი დღეა ბერლინში გადმოვიდა პოლონეთიდან და უკვე მალე უვადო საბუთს მისცემდნენ და ერთ კვირაში საკუთარი ბიზნესი ექნებოდა. ცოტა ცინიკურად შევხედე ამ საკითხს, რადგან სწორედ, მე ვიცი რა უნდა გაიაროს თითოეულმა, რომ უცხოეთში რაღაც სტატუსი მიიღოს. აი, იმ წუთს გაჩნდა პერსონაჟი გუდუნა საჯაია. ასევე, ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდის თხოვნით, რომ რაიმე სამსახური ვუშოვო, ან ბინა დავახვედრო. ვფიქრობ, “გუდუნა” საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას მიაწვდის, რომ ასე, ჰაერში არაფერი ხდება, როგორც ეს შორიდან ჩანს.

- რა კონკრეტულ მიზანს ემსახურება  ლადოს შექმნილი პერსონაჟები და სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები, რომლებსაც ყოველ დღე მოუთმენლად ელოდება საზოგადოება?

- მიზანი, ალბათ, როგორც ვახსენე ერთია, რომ ადამიანებმა დაიწყონ სწორად ფიქრი ამა, თუ, იმ საკითხზე და გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან. ცხოვრება ისეთი მარტივი და სასიამოვნოა, რომ უნდა დატკბე, უნდა მოეშვა. უფრო მეტი პატივისცემა და სიყვარული გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი.

არ შეიძლება ადამიანების დისკრიმინაცია, სულ ერთია: ეტლით მოსარგებლეა, უსინათლო, შავი, მაღალი, ქალი, კაცი, ინდოელი, თუ ნოსირელი, ან როგორ საუბრობს დიალექტით, თუ ჩლიფინით. ყველა თანასწორია უფლის წინაშე და ამ წუთისოფელშიც.

- სიახლეს ხომ არ უმზადებს ლადო მის ერთგულ მაყურებელს?

- ჩემი პერსონაჟიც და ჩემი გვერდიც შექმნილია ექსპრომტად, ამიტომ, წინასწარ არაფერი ვიცი. ვფიქრობ, უფრო სახალისო და საინტერესო იქნება, როგორც გვერდი, ასევე პერსონაჟები.

- დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ცდილობ შენი მაყურებლის განწყობაზე ზრუნვას და დროს უთმობ მათ… თუმცა, შენი “მიმდევრებისთვის” ხშირად გიწევს იმის გამეორება, რომ ლადოსაც თავისი ცხოვრება აქვს. როგორია ლადოს ცხოვრება ბერლინში?

- საბედნიეროდ, მართლაც დატვირთული ვარ, მაგრამ აუცილებლად ვიცლი მაყურებლისთვის. მაყურებელთან კონტაქტი იმდენად ჩემი გახდა, რომ მათ წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი. როცა რამდენიმე დღე ვიდეოს დადებას ვერ ვახერხებ, სულ მეფიქრება იმაზე, რომ ნამდვილად ელოდებიან და ვიცი, ახალი ვიდეოს დადებით, მინიმუმ 500 ადამიანს მაინც მოვგვრი ღიმილს და ამით უფრო მეძლევა სტიმული. მიყვარს სიმარტივე, ამიტომაც, ჩემი ვიდეოს დამზადებას დაახლოებით 10 წუთს ვანდომებ. არ მიყვარს ხელოვნურად გაკეთებული და აწყობილი ვიდეო-სიუჟეტი. რაც შეეხება ბერლინში ჩემს ყოველდღიურობას,  უკვე 2 წელია აქ ვცხოვრობ, ძალიან მსიამოვნებს იმ გარემოში ყოფნა, სადაც, ყოველ დღე რაღაც ახალს სწავლობ. იცი თავისუფალი დროის ფასი, შეგიძლია ურთიერთობების მარტივად აწყობა და დროის სწორად გადანაწილება, შეგიძლია კმაყოფილი იყო შენი სამსახურით, გქონდეს ჰობ(ებ)ი, ბევრი ისეირნო და იყო მშვიდად. ასე მიდის ბოლო 2 წელია ჩემი მშვიდი ცხოვრება უცხო მიწაზე.

- რამდენად ხშირად ახერხებ ჩასვლას საქართველოში და როდის იყავი ბოლოს?

- სამწლიანი ემიგრაციის შემდეგ, პირველად შარშან ვიყავი, თან, უკვე პოპულარულიც გახლდით. იმდენად სასიამოვნო იყო საქართველოში წლების მერე ჩასვლა, რომ ინეზამაც და ლადომაც აეროპორტში ხუთჯერ იტირეს (იცინის). ყველა დღე სასიამოვნო იყო საყვარელ ქვეყანაში, საყვარელ ხალხთან, ოჯახთან და დედაჩემის საფლავთან.

როცა სენაკში, ბაზარში შევედი პროდუქტის საყიდლად და ნახევარი ბაზარი მომდევდა “ინე, გვიყვარხარ ფოტო გვინდაო”. ეს ფაქტი დამამახსოვრდა საოცრად პოზიტიურად. ასევე, კომენტარები “მუ ჯგირ რექ-რა კარგი ხარ”, მოგიხდა გერმანია… მგონი იმ დღეს ნახევარი ბაზარი უფასოდ წამოვიღე (იცინის).

- პირადი პირადია და მორჩა, არ მინახავს პირად ცხოვრებაზე საუბრობდე, ხომ არ არის რამე, რაც შენმა გულშემატკივარმა უნდა იცოდეს?

- დედოო ეს რა მკითხე?! პირადიო?! სად მაქვს პირადი?! იყო რამდენიმე ურთიერთობა, არ დასრულდა კარგად, ამიტომაც, მარტო ვარ. გულახდილად გეტყვი, არც ვეძებ არავის და თუ, ვინმე თავისით მოვა, კი ბატონო აქ ვარ. რეალურ ლადოს მძიმე ხასიათი აქვს, ამიტომაც ვერავინ მიძლებს. ჩემი პირადი კი ამჟამად რვა დისშვილია (იცინის).

- როგორია შენი მიზნები და გეგმები, გერმანიაში დარჩები, თუ ამ მიმართულებით გეგმავ სიახლეებს?

- მიზანი ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობაა. ამ ეტაპზე სადაც ვარ კომფორტულად ვარ, მაგრამ ისე მიყვარს ჩემი სახლი ნოსირში, რომ ვფიქრობ დიდხანს ვერ გავძლებ მის გარეშე. მაქვს რამდენიმე კარგი პროექტი, რომელიც ჩემს სოფელს და ჩემს ქვეყანას გამოადგება, მაგრამ ამ ეტაპზე ვმუშაობ ჩემი თავის განვითარებისთვის. ასევე, ვფიქრობ პატარა ბიზნესს გერმანიაში, სადაც თამამად შემეძლება წარმოვაჩინო საქართველო. მაგრამ ჯერ ამაზე საუბარი ცოტა ადრეა.

- რას ეტყვი ადამიანებს, რომლებიც შენი და შენი პერსონაჟების გულშემატკივრები არიან?

- დავიწყებ მადლობით! მადლიერება დიდი რამეა. ახლა შენ, თუ ამ ინტერვიუს კითხულობ, ჯერ გაიღიმე, მერე გეტყვი, რომ მიყვარხარ და არასდროს დანებდე. სწორი არჩევანი გააკეთე, რომ ინეზას უყურებ (იცინის). მართლა მადლობელი ვარ თითოეულის.

- არის რამე ისეთი, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს და პირველად ExclusiveTV-დან გაიგებს საზოგადოება?

- ყველაზე რთული შეკითხვაა. არსად არ მითქვამს, ზოგჯერ საქართველოსთვის ვტირი. ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო!

ავტორი: მზეკო ჟვანია

იტალია, რომი

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი