ქართველი დირიჟორი კოლიზეუმის არენაზე - ექსკლუზიური ინტერვიუ ეკატერინე კაჭარავასთან

ქართველები, რომ მრავალგზის ნიჭით დაჯილდოებული ერი ვართ, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. გარდა იმისა, რომ საქართველო, მსოფლიოს, თითქმის ყველა ქვეყანაში, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან, წარმოჩენილია, როგორც უძველესი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მქონე ერი, ასევე, დიდი კონკურენციის ფონზე, ალბათ, ერთ-ერთი მცირერიცხოვანი და გამორჩეული ერი ვართ, რომლებსაც, მსოფლიო მასშტაბით, მნიშვნელოვან და საინტერესო სფეროებში, ყველაზე ხშირად მიუღწევიათ წარმატებისთვის.

ალბათ, ცოტა ქართველს თუ ჰქონია, იტალიაში სტუმრობის და რომის სავიზიტო ბარათის, კოლიზეუმის დათვალიერების შესაძლებლობა. ExclusiveTV-ს ახალი რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ", დღევანდელი სტუმარი, რომში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, ეკატერინე კაჭარავა გახლავთ. კოლიზეუმის არენაზე მსოფლიოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ლიდერებთან და წარმომადგენლებთან Comunità di Sant'Egidio-ს მიერ, მშვიდობისთვის გამართულ ლოცვაზე, ამავე საზოგადოების გუნდი, სწორედ, ჩვენი რესპონდენტის, ქართველი დირიჟორის, ეკატერინე კაჭარავას ხელმძღვანელობით წარდგა. ღონისძიებას, გარდა მსოფლიოს რელიგიური ლიდერებისა, იტალიის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილისის კონსერვატორიის, საგუნდო-სადირიჟორო განყოფილების კურსდამთავრებულმა, ამავე განყოფილების გუნდის წევრებთან ერთად, გერმანიაში ვიზიტისას, საქართველოში დაბრუნების ნაცვლად, იტალიაში წამოსვლა გადაწყვიტა. ჩვენი რესპონდენტის ცხოვრება, როგორც შემოქმედებითი კუთხით, ასევე, "რომაული ყოველდღიურობის" მხრივაც, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. იტალიაში პირველად, 20 წლის წინ ჩამოვიდა, ერთი, რიგითი ემიგრანტის სტატუსით, რომელიც ქართულ მძიმე ყოფას გამოექცა და ფინანსურ საჭიროებებზე ზრუნვა, უცხო მიწაზე განაგრძო. როგორც აღმოჩნდა, რომმა მას ახალი შესაძლებლობები მისცა და ფიზიკურად დატვირთული განრიგის მიუხედავად, საგანმანათლებლო მიმართულებით განვითარების სურვილიც გაუჩინა. რომში Tor Vergata-ს უნივერსიტეტში, ლიტერატურა-ფილოსოფიის ფაკულტეტზე, ხელოვნებათმცოდნეობისა და ტურიზმის განხრით სწავლობდა. ExclusiveTV-ს მკითხველთან ერთად გავიგოთ, "როგორ მოწყდა მთავარ ჯგუფს" ჩვენი რესპონდენტი და როგორ ახერხებს ორ, ერთმანეთისგან განსხვავებული პროფესიის შეთავსებას, რომის მრავალფეროვან ყოველდღიურობაში?!

- 2002 წელს, როცა თბილისის კონსერვატორიაში მაგისტრატურას ვამთავრებდი, გერმანიაში, საოპერო ფესტივალზე გუნდით მიგვიწვიეს. წამოვედით 50 დღით. ვადის ამოწურვამდე 5 დღე იყო დარჩენილი, სპექტაკლები დასრულდა და გადავწყვიტე, იტალიაში წამოვსულიყავი სამუშაოდ, რადგან საქართველოში სამუშაო პერსპექტივა არ იყო. სახლში არ დავბრუნდი, პირდაპირ გერმანიიდან წამოვედი. რომში ჩამოსვლის შემდეგ, ვიცოდი ვისთანაც უნდა მივსულიყავი, გარკვეული მქონდა ყველაფერი. თავიდან, ერთ ოჯახში მოვეწყვე, ძიძად ვმუშაობდი და ოჯახმა 2 კვირაში გამომიშვა, რადგან საბუთი არ მქონდა. ჩემი ჩამოსვლიდან მალევე, კანონი გამოვიდა "სანატორიაზე" და ღვთის სასწაული იყო, რომ საბუთი გამიკეთდა. ისეთმა ადამიანმა გამიკეთა საბუთი დღემდე არ ვიცნობ. რამდენიმე თვე ვიმუშავე ძიძად, შემდეგ, გადავედი რესტორანში მიმტანად. ამ ყველაფრის ფონზე, სულიერი საზრდო, ეკლესია, ძალიან მაკლდა. რუსულ ტაძარში დავიწყე გალობა, მაშინ აქ, ქართული სამრევლო არ იყო. საქართველოში ყოფნისას, სიონში და საპატრიარქოს კარის ეკლესიაში ვგალობდი.

- მაშინდელი საქართველოს შეხედულებები, ხომ განსხვავდებოდა ევროპულისგან, როგორი გაიარეთ ადაპტაციის პერიოდი?

- ძალიან ძნელია ჩაკეტილი სივრციდან პირველად რომ გამოდიხარ. ვუყურებდი ამ სამყაროს, რომელიც ჩემთვის ძალიან ჭრელი იყო. ჩვენთან, საზოგადოებაც სხვანაირად იცვამდა, აქ სულ სხვა რეალობა დამხვდა. შემდეგ, რუსულ ტაძარში დავიწყე გალობა, 8 წელი ვიყავი იქ. მახსოვს, პირველად რომ მივედი, კედელზე ივერიის ღვთისმშობლის უზარმაზარი ხატი იყო, დღემდე მიჭირს ცრემლების გარეშე ამ განცდაზე საუბარი. საოცარი გრძნობა იყო, თითქოს, სახლში დავბრუნდი და დედა დამხვდა. შემდეგ, მეორე კუთხისკენ მივუბრუნდი და ვნახე ხატი "საქართველოს დიდება". მინდოდა რამე ქართული მეკეთებინა, ამიტომ ვიპოვე ქართველი გოგონები, რომლებსაც ვასწავლე საგალობლები, ასევე, ხალხური და ქალაქური რეპერტუარი. მამა გიორგი ხაჩიძე არის ქართველი მღვდელი, რომელიც მსოფლიოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მასთან დავდიოდით ხოლმე, რადგან მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი დავსწრებოდით ქართულად აღვლენილ წირვა-ლოცვას. ასე შეიკრა მგალობლების ქართული ჯგუფიც. მიუხედავად იმისა, რომ სამოყვარულო დონის გუნდი ვიყავით, სხვადასხვა ღონისძიებებზე გვიწვევდნენ, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზეც ვმონაწილეობდით, ერთხელ, სააღდგომო კონცერტიც ჩავატარეთ ქართველი მრევლისთვის. მაშინ, ეს იყო პერიოდი, როცა ჩვენთვის, საქართველოსთან კომუნიკაცია დიდი ფუფუნება იყო. როგორ მახსოვს, პირველი წირვა, რომ ჩაატარა მამა გიორგიმ და ქართულად ვიგალობეთ... თუ, რამეს შეიძლება მადლი ეწოდოს, ეს ვიგრძენი მაშინ, ჩვენი ქართული წირვის შემდეგ. ემიგრანტები მადლობას გვიხდიდნენ და გვეუბნებოდნენ "საქართველო გვაჩუქეთო". ემიგრანტობა ხომ ერთ-ერთი მძიმე ჯვარია, როცა ყველა გყავს, მაგრამ სრულიად მარტო ხარ.

- როგორ გახდით Comunità di Sant'Egidio-ს გუნდის დირიჟორი?

- წმინდა ეგიდის საზოგადოება (Comunità di Sant'Egidio) ჩამოყალიბდა 1968 წელს და მსოფლიოს ბევრ  ქვეყანაში ჰყავს თემი. საქართველოშიც გვყავს კათოლიკეები, რომლებიც ამ თემის წევრები არიან. ყოველ საღამოს მათი ლოცვა რადიო "ვატიკანის" პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ამიტომაც, მათ სჭირდებოდათ გუნდის პროფესიონალი დირიჟორი, ეს გახდა ჩემი აქ მოხვედრის მიზეზი. ყველაფერი კი რუსულ ეკლესიაში გალობით დაიწყო. მაშინ, როცა რუსი მოძღვრის მეუღლე, ე.წ. "მატუშკა" კათოლიკურ ეკლესიაში დირიჟორად მიიწვიეს, "მარტო ვერ გავწვდები ამდენ საქმეს და შენც ჩაერთეო" შემომთავაზა, რასაც დაუფიქრებლად დავთანხმდი.

- ვიცი, რომ რომში ქართული ეკლესიის არსებობაშიც მნიშვნელოვანი წვლილი გაქვთ შეტანილი...

- მეუფემ დამირეკა და მითხრა, "რომში ქართული სამრევლოს წინამძღვრად, მამა იოანე ხელაია ჩამოვა, დახვდი და დაეხმარეო". ვეცადე, შემექმნა ის ძირითადი ბირთვი, რომელიც უზრუნველყოფდა ქართველი მოძღვრის რომში ცხოვრებას. მახსოვს, პირველი წლების პერიოდი, როცა ყოველ კვირას სხვადასხვა ეკლესიებში დავდიოდი, რომ ჩვენთვის ტაძარი ეთხოვებინათ და ქართული-წირვა ლოცვა აღვლენილიყო ემიგრანტებისთვის.

- როგორ შეიქმნა მგალობელთა ქართული გუნდი?

- ყველგან ვამბობდი, რომ ვეძებდი ხმებს და მუსიკალურად თუნდაც, მინიმალური შესაძლებლობის ადამიანებს. ქართული სამრევლოს ჩამოყალიბების შემდეგ, მგალობლებიც გაბევრდნენ და რეპეტიციებიც ყოველ კვირას გვქონდა. რუსული ეკლესიის ტაძრის ეზოში ვიქირავე პატარა ბინა, რომელიც 24 კვ.მ იყო, სადაც მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობდით. ეს ბინა იყო რომში ახალჩამოსული მეგობრების თავშესაფარი, ასევე, აქ ვიკრიბებოდით და ვმეცადინეობდით, ვერთობოდით და საოცრად დიდი სიხარული იყო ერთად ყოფნის, ახლა ეს ყველაფერი უკვე აღარ არის.

- ამ ყველაფრის პარალელურად სწავლობდით უნივერსიტეტში ხელოვნებისა და ტურიზმის კუთხით, როგორი იყო ეს პროცესები?

- ძალიან რთული იყო, მაგრამ როცა ადამიანს აქვს მიზანი და ნებისყოფა, შეუძლებელია ამ გზაზე რამემ დაგაბრკოლოს. მე ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვიყავი, რომელიც სამუშაოდ ჩამოვიდა იტალიაში, მაგრამ მინდოდა მესწავლა. სწავლა, მშობლიურ ენაზეა რთული და უცხო ენაზე, ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად გამიჭირდებოდა. თან, იტალიური არ ვიცოდი სათანადოდ და დღემდე მიკვირს, რა გამომივლია, როგორ მოვახერხე. პირველი სემესტრი იმდენად რთული იყო, დღეში 8-10 საათი მიწევდა მეცადინეობა. მთელი კვირის სამყოფ სურსათს ვყიდულობდი, რომ შემდეგ სახლიდან აღარ გავსულიყავი და დილის 8 საათიდან დღის 3-4 საათამდე თავაუღებლად ვმეცადინეობდი. ვკითხულობდი და ყოველი მეორე, ან მესამე სიტყვის ლექსიკონში ძიება მიწევდა, თან, როგორც იცით, ერთ იტალიურ სიტყვას, შესაძლოა 4-5 მნიშვნელობა ჰქონდეს და ეს კონკრეტული სიტყვა, კონტექსტისთვის უნდა მომერგო. მართალია, ეს პროცესი დროს მართმევდა, მაგრამ მეორეს მხრივ, უფრო სიღრმისეულად ვსწავლობდი იტალიურ ენას. ენის ბარიერის გამო, თავიდან, ლამის ყველაფრის ზეპირად სწავლა მიწევდა, რომ უმაღლეს დონეზე ჩამებარებინა გამოცდები.

- დღეს უკვე გიდადაც მუშაობთ და საკმაოდ საინტერესო ტურებს აკეთებთ...

- ამის პასუხს ჩემი ტურისტებისგან თუ გაიგებთ. რაც შეეხება გიდად მუშაობას, ეს საქმიანობა, საპატრიარქოს მომლოცველთა ჯგუფებთან დავიწყე. რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მეუფე საბა გიგიბერიას პილიგრიმები ჩამოჰყავდა ხოლმე და სხვადასხვა საინტერესო ტურებს ვაკეთებდით. ქართველებთან ურთიერთობა იმდენად დიდი ბედნიერება იყო... აქ, რომ ცხოვრობ, უდიდესი დანაკლისი და დეფიციტი გაქვს ადამიანებთან ურთიერთობის. არაერთი კარგი ადამიანი გავიცანი. დღემდე ვცდილობ ორივე პროფესიას თანაბარი პასუხისმგებლობით ვემსახურო.

- როგორ მოახერხეთ, ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ, სფეროში მუშაობა?

- სხვათა შორის, ეს პროფესიები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ერთ გადაკვეთაზე მინდა გითხრათ: კოლიზეუმთან ტურისტულად მაქვს შეხება, ვარ გიდი და ა.შ. ორი კვირის წინ კი, ისეთი საოცარი მოვლენა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ დღემდე სასწაულად მიმაჩნია. კოლიზეუმის არენაზე მომიწია დირიჟორობამ Comunità di Sant'Egidio-ს გუნდთან, რომელიც ყოველ წელს აორგანიზებს ლოცვას მშვიდობისთვის. მსოფლიოს მასშტაბით ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში იკრიბება და აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება.

- ვატიკანთანაც საკმაოდ საინტერესო ისტორია გაკავშირებთ...

- დიახ, 2004 წელს საქართველოს ელჩმა ვატიკანში, ქალბატონმა, ქეთევან ბაგრატიონმა, მთხოვა, რომ რომის  ფილარმონიის გუნდისთვის ქართული სიმღერები მესწავლებინა. იმ გუნდის დირიჟორი იყო ბერი, რომელიც ცხოვრობდა ვატიკანში. დონ პაბლოსთან აკადემიის გუნდშიც დავიწყე სიმღერა და პარალელურად ვგალობდი, წმინდა პეტრეს ტაძრის გუნდში ("კაპელა ჯულია"). ჩემთვის ძალიან ემოციური იყო წმინდა პეტრეს ტაძარში გალობა.

- ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც რომში ყოფნის პერიოდში მომხდარა? სასწაულების არსებობაში, რომ დაგარწმინათ ისეთი...

- კოლიზეუმის არენაზე დირიჟორობა, ჩემთვის განსაკუთრებულ ემოციებთან იყო დაკავშირებული. ამის იქით, არ არსებობს რომში საკათედრო ტაძარი, სადაც არ მიდირიჟორია და არ მიგალობია, მაგრამ კოლიზეუმის არენა იყო საოცრება. ვფიქრობ ხოლმე იდეურად და ქალაქში, სადაც ყველაზე მეტად ქრისტიანები იდევნებოდნენ, "დღეს" საუკუნეებისა და წლების შემდეგ, როგორ შეიცვალა ყველაფერი, რომ ქრისტეს დიდება ისმის ყველგან და ქართველებიც, ეს პატარა ერი, როგორ ახერხებს შესაძლებლობების წარგენას მსოფლიოსთვის. "რამეთუ ათასი წელი, წინაშე თვალთა შენთა უფალო, ვითარცა გუშინდელი დღეო" წერია ფსალმუნში და მართლაც, ადამიანებს, სწორედ, ასეთი რაღაცები გვაფიქრებს ცხოვრებაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დირიჟორობა კოლიზეუმის არენაზე, უბრალოდ, ბედნიერი დამთხვევა იყო და მადლობა ღმერთს ამისთვის.

- როგორია თქვენი პროფესიული გეგმები?

- მქონდა, ბევრი გეგმა, იდეა და სურვილი, მეშრომა ქართული საქმისთვის, ქართველებისთვის, ქართულ-იტალიური ურთიერთობებისთვის. შემდეგ, ისეთი რაღაცები მოხდა, რაც მანამდე მხოლოდ წაკითხული, ან გაგონილი მქონდა და ბევრისგან, რომ მესმოდა, ძალიან მწყდებოდა გული. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ის "ბევრი" მართალი აღმოჩნდა და ამ ფაქტებმა, ძალიან დამთრგუნა, რადგან: ერთი ადამიანი ხედავს, რომ მეორე ყველაფერს აკეთებს საზოგადოებრივ სარბიელზე ქართველი ხალხის სასიკეთოდ, ძალიან დამაბრკოლეს და ეს იმდენად მტკივნეული მომენტი იყო, უბრალოდ, არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ვფიქრობ, რომ დანაშაულია, ადამიანს დაუკარგო სიკეთის კეთების სურვილი, დანაშაულია ადამიანს შეულახო ღირსება, რა რანგისაც არ უნდა იყო! და როდესაც ასეთ რამეს აწყდები, ფერხდები, ბრკოლდები და ჩერდები...

- თქვენი ემიგრანტობის საწყისს დავუბრუნდეთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მეუღლე და ოჯახის სხვა წევრები გელოდებოდნენ, თქვენ მაინც ემიგრაციაში ყოფნა გადაწყვიტეთ...

- ჩემი მეუღლე თანახმა იყო წამოვსულიყავი, ოღონდ თვითონაც გამოეღწია ქართული რეალობიდან. ასეც მოხდა, ჩემი წამოსვლიდან ერთ წელიწადში მეუღლეც ჩამოვიდა და მას შემდეგ დავიწყეთ ქართული ცხოვრება იტალიაში. ჩემი ცხოვრების მთავარი საჩუქარი არის ლუკა, ჩემი შვილი, რომელიც ქორწინებიდან მე-15 წელს გვეყოლა.

- თქვენი ცხოვრების ამ მოვლენასაც, საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს...

- რომი ისეთი ქალაქია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სულ ჰყავს ვიზიტორები. რუსულ ტაძარში, რომ ვგალობდი, სულ მოდიოდნენ მომლოცველები. მახსოვს, ათონის მთიდან ჩამოვიდა ბერი და სანამ ათონის მთაზე დაბრუნდებოდა, ვთხოვე: "შვილი არ მყავს და ლოცვებში მომიხსენიეთ"-მეთქი. ჩაიწერა ჩემი მონაცემები და წავიდა. ვინც კი მოდიოდა წმინდა ადგილებიდან, ყველას ვთხოვდი, რომ ლოცვებში მოვეხსენებინეთ. რამდენიმე თვე გავიდა და რუსი მამაო მეუბნება: "ათონიდან გწერენო". როგორც იცით, ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერში არის უშვილობის ქამრები. ანუ, უშვილო ცოლ-ქმარს უგზავნიან, რომლებმაც უნდა გაიკეთონ და იმარხულონ, ილოცონ. ათონის მთის ბერმა, ქამრებთან ერთად, ქართული "შენ ხარ ვენახის" ნოტები გამომიგზავნა.

- საქართველოდან რომ არ წამოსულიყავით, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

- თუ რამეს შევძლებდი არ ვიცი. მე საქართველო ედუარდ შევარდნაძის დროს დავტოვე, როცა ქვეყანაში სიბნელე და სიცივე იყო, უშუქობას ვგულისხმობ. ეს იყო ქვეყანა, სადაც არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. ამიტომაც, არ მინდოდა უკან დაბრუნება. არ ვიცი იქ რას გავაკეთებდი... მიუხედავად იმისა, რომ, როცა პირველად დავბრუნდი, (უკვე 2006 წელს), ქვეყანაში ცივილიზაცია იგრძნობოდა და ბევრი რამ სახეცვლილი იყო, ჩემი თავის რეალიზებას და დასაქმებას იქ ვერ მოვახდენდი, ამიტომ გადავწყვიტე, ისევ იტალიაში დაბრუნება. თან, აქ უკვე ახალი ცხოვრება დაწყებული მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩავსულიყავი და საქართველოში მეპოვა სამსახური. არასდროს ვიზიარებდი იმას, რომ "იმდენ ვინმეს იცნობ, სამსახური არ გაგიჭირდება"-თი დამეწყო მუშაობა. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავდი ჩემს განვითარებას სამშობლოში. სულ ვამბობდი, "როცა ლუკა სასკოლო იქნება დავბრუნდებითქო", მაგრამ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობამ, ისევ უზარმაზარი ბარიერი აღმართა ჩვენ შორის და რომში დარჩენა გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წამოსვლის შემდეგ, ორჯერ შეიცვალა ხელისუფლება, ვერც მაშინ და ვერც ახლა, ჩემი შვილის მომავალს, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ ვხედავ. თუმცა, ძალიან მიყვარს და მენატრება სამშობლო! ღმერთს ყოველთვის ვთხოვ, რომ მომცეს ძალა და შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს ოჯახს, ქართველ ხალხს, ისე, რომ ღვთისა და ადამიანების წინაშე შევძლო სიკეთის კეთება, სიყვარულის დათესვა, ეს არის ჩემი ცხოვრების კრედო!


- თქვენს გეგმებში, თუ შედის საქართველოში დაბრუნება?

- თუ, იქნება იმის საშუალება, რომ მე საქართველოში თვიდან თვემდე ღირსეულად თავის გატანის შესაძლებლობა მქონდეს, აუცილებლად დავბრუნდები. თუმცა, რაც ქართულ გარემოში ყველაზე მეტად მაშინებს, ეს არის სიძულვილი. შესაძლოა, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგქოლონ. ყველამ მისი გასაკეთებელი, რომ აკეთოს, ალბათ, გარემო უფრო სუფთა იქნება. სამწუხაროდ უკვე ასე ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის მომავლისთვის აქ ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია. გული მწყდება, რომ ყოველ ჩასვლაზე ვგრძნობ, როგორ ნელ-ნელა ვშორდებით ერთმანეთს მე და საქართველო...!

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

 

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები