როგორ იხსნა ხელოვნებამ ქართველი ემიგრანტი დეპრესიისგან?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ბარის საკვირაო სკოლის მასწავლებელთან

უცხო ქვეყანაში ყოფნა უამრავ ემოციასთანაა დაკავშირებული. ალბათ, ყველა ემიგრატი გაიგებს, რასაც ვგულისხმობ. აქ, ადამიანები დეპრესიისკენ არიან მიდრეკილნი. როგორი ძლიერიც არ უნდა იყო, მაინც გაქვს ემოციური ფონისგან გამოწვეული შინაგანი სისუსტე. არ ვიცი ვისთვის როგორ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა ჩვენგანისთვის ემიგრანტობა ხვედრია, თუმცა, რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით მიდგომაც და გაგებაც - ინდივიდუალურია. ხელოვნება ერთ-ერთია, რაც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მისი სიხარული, ან წუხილი, სხვადასხვა დარგის საშუალებით, სააშკარაოზე გამოიტანოს, მის შინაგან მდგომარეობას მისცეს გასაქანი და ასე, ემოციურ ბმაში იყოს სამყაროსთან.

ExclusiveTV-ს მკითხველი ჩვენი დღევანდელი ინტერვიუდან გაიგებს, თუ როგორ იხსნა ქართველი ემიგრანტი ხელოვნებამ და მასწავლებლობამ დეპრესიისგან. ლალი ბერიძე 14 წლიანი ემიგრაციის განმავლობაში მე-9 წელიწადია ქალაქ ბარიში იმყოფება და როგორც ამბობს, მან ბედნიერება, იტალიაში დაბადებული ქართველი ბავშვებისთვის მშობლიური ენის სწავლებაში იპოვა. ჩვენი რესპონდენტი ასევე, საუბრობს იმ დიდ საქმეზე, რომელსაც კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაცია და მასთან არსებული საკვირაო სკოლა "იმედი" აკეთებს, რომელიც არამხოლოდ განათლების მიღებას გულისხმობს, არამედ, ეს ასოციაცია, აერთიანებს უცხო მიწაზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მეორადი პროფესია ხელოვნებათმცოდნეობა მაქვს, მაგრამ ეს, ყველაფერი არ არის, ამ წლების მანძილზე თვითგანვითარებას არ ვწყვეტდი. უამრავი კურსი მაქვს გავლილი და არაერთი სერტიფიკატი მიღებული. გარდა იტალიური ენისა, მაქვს ბავშვთა ფსიქოლოგიის სერტიფიკატი და ასევე, მაქვს უფლება ვიმუშაო ინკლუზიური განვითარების კუთხითაც შშმ პირებთან, უნარშეზღუდულ ბავშვებთან. ასევე, მაქვს დაწყებითი კლასების პედაგოგის სერტიფიკატი და ა.შ. ეს ყველაფერი თითოეული კურსი ემიგრაციაში ყოფნისას (ონლაინ) გავიარე. მაშინ, როცა საბერძნეთში ვიყავი, ჩემს მეუღლეს მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და უკვე სიმსივნით დაავადებულს გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება ესაჭიროებოდა, მეც იძულებული გავხდი საქართველოში დავბრუნებულიყავი. როცა ყველაფერმა ჩაიარა, იტალიაში წამოსვლა გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ახლობლები მხვდებოდნენ, თავიდან, ძალიან გამიჭირდა. რუსულისა და ბერძნულის შემდეგ, იტალიური ენის შესაწავლაც მომიწია და ფაქტობრივად, პატარა ბავშვივით, ყველაფერი თავიდან დავიწყე. არ აქვს მნიშვნელობა, 9 წლიანი გამოცდილება გაქვს, 12 წლიანი, თუ 20 წლიანი, ემიგრაციას უამრავი სირთულე ახლავს, უცხო გარემოში ყოფნა ხომ სასჯელად გვეჩვენება თავიდან?! მაგრამ ამ ყველაფერმა უფრო მეტი სტიმული მომცა და ვთქვი, რომ "რადგან წამოვედი, უნდა შევძლო". 

- ალბათ, სკოლა და ბავშვებიც გიმსუბუქებენ ემიგრანტულ ყოფას...

- ვცდილობ, გავიმარტივო ემიგრაციაში ყოფნა, რაშიც პირველ რიგში, ჩემი მეგობრების გარემოცვა და რა თქმა უნდა, საკვირაო სკოლა მეხმარება, რადგან ისეთი დადებითი ენერგიით ვიმუხტები, მთელი კვირა მყოფნის ხოლმე. ძირითადად, მიწევს დაწყებითი კლასის კონტინგენტთან მუშაობა. გარდა ქართული წერა-კითხვისა, მათ ხელოვნებასაც ვასწავლი. არაჩვეულებრივი კოლექტივი გვყავს, რაც თავისთავად უმნიშვნელოვანესია გუნდური მუშაობისთვის, რომ სასურველი შედეგი დაიდოს.

- თქვენთვის როგორი მნიშვნელობისაა, უცხო მიწაზე ქართველი ბავშვების მასწავლებლობა?

- რატომღაც მგონია, რომ ჩემი სამშობლოს წინაშე გარკვეულ ვალს ვიხდი და ფიზიკურ არყოფნას ვინაზღაურებ. ასე ვთქვათ, მცირედი წვლილი შემაქვს ჩემი ქვეყნის განვითარებაში. მე არ ვიცი, ამ ბავშვებს რა მომავალი ექნებათ, დაბრუნდებიან, თუ არ დაბრუნდებიან სამშობლოში, მაგრამ ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისინი, სადაც არ უნდა იყვნენ მომავალში, ღირსეულ ქართველებად აღიზარდონ, არ დაკარგონ ქართული ენა. ბევრი ბავშვი ქართულ-იტალიური ოჯახიდანაა, ზოგსაც ქართველი მშობლები ჰყავს და როდესაც ეს ბავშვები სკოლაში მოდიან და ქართულად ამბობენ "გამარჯობა", ეს ჩვენთვის, თითოეული მასწავლებლისთვის, დიდი ზეიმი და დღესასწაულია. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მცირედია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მომავალში ისინი საქართველოში დაბრუნებას მოისურვებენ. მგონია, რომ საკვირაო სკოლა და ჩვენ, საფუძველს ვუყრით ამ ყველაფრის აღმოცენებასა და განვითარებას მომავალში, ბედნიერი ვარ, რომ მეც მაქვს შესაძლებლობა, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო ამ ღირსეულ საქმეში.

- მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოში არ იმყოფებით, გარკვეული წვლილი შეგაქვთ საქართველოს  განვითარებაში...

- რა თქმა უნდა, თუნდაც იმით, რომ ბავშვებს არ ვავიწყებთ ქართულ ენას. ჩვენ, სადაც არ უნდა ვიყოთ, ენის გარეშე ქართველები აღარ ვართ, ამიტომაცაა ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ამ ბავშვებს ქართველობა, ქართული ენა შევუნარჩუნოთ, რომლებიც ადაპტირებულები არიან უკვე იტალიურ სკოლებში და იტალიურად საუბრობენ. ჩვენს სკოლაში კი, ამ ბავშვებს, ვუმძაფრებთ სურვილს, რომ არ დაივიწყონ ქართული ენა. თან, ქართველ ბავშვებთან აქვთ კომუნიკაცია, მშობლებსაც ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლა იტალიაში, კერძოდ კი ბარიში მყოფ ქართველებს, რაღაც კუთხით აერთიანებს, ერთ გუნდად არიან შეკრულები, ერთმანეთის ჭირ-ვარამს იზიარებენ და მგონია, რომ ეს არ არის ცოტა.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა ეს სკოლა, ამდენი წელი ემიგრაციაში დარჩენას შეძლებდით?

- არა მგონია, ძალიან გამიჭირდებოდა. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე წელია ჩემი თავი ხელოვნებაში ვიპოვე, ვხატავ. მართალია, პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ სამოყვარულო დონეზე ვხატავ, ვქმნი თოჯინებს, პატარ-პატარა სკულპტურულ მინიატიურულ ნაკეთობებს და რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ამ ყველაფერმა და სკოლამ, გაამარტივა ჩემი ყოფნა ემიგრაციაში. თქვენ იცით, რამდენად რთულია მოხუცებთან მუშაობა, ითრგუნება ადამიანი. აქ, დეპრესიულიც ხდები, რადგან უნდა მოერგო და იცხოვრო სხვა ადამიანის ცხოვრებით.

- ანუ, ხატვა აქ, ემიგრაციაში დაიწყეთ. რამე კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენას ხომ არ უკავშირდება თქვენში შემოქმედებითი გარდატეხა?

- ჩემში ხელოვნების გაღვიძება, ან აღმოჩენა, ალბათ უფრო ნოსტალგიას, მოჭარბებულ ემოციებს (რაც ემიგრაციას ახლავს), მოლოდინს, სიხარულს და ტკივილს უკავშირდება.  ემიგრაციაში ყოფნისას გარდამეცვალა მამა და მეუღლე, ვერც ერთი ეს მოვლენა ვერ გავიზიარე ოჯახთან ერთად, ვერ ჩავედი საქართველოში და ეს თანდათან ხომ ილექება და გროვდება ჩვენს ცნობიერებაში?! წლების შემდეგ ან მაშინვე, შესაძლოა რაღაც გამონათება მოხდეს ჩვენში და ამოხეთქოს ამ ყველაფერმა. ჩემს შემთხვევაში ეს ხელოვნებაში გამოიხატა, უმეტესობა კი, სამწუხაროდ, დეპრესიაში ვარდება. როდესაც ფუნჯს ავიღებ და ხატვას ვიწყებ, არასდროს ვიცი რა უნდა დავხატო, სათაურებს, მხოლოდ ნახატის დასრულების შემდეგ ვარქმევ. ხელოვნება მეხმარება ჩემი შინაგანი მდგომარეობა გავუზიარო ადამიანებს.

- როგორც ჩანს, ხელოვნებამ და საკვირაო სკოლამ ემიგრანტული დეპრესიისგან გიხსნათ...

- რა თქმა უნდა. გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პრობლემებისა, ძალიან განვიცდი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ალბათ, გახსოვთ გოგონა, რომელიც შადრევანში დენის დარტყმისგან დაიღუპა. მაშინ, უდიდესი ტკივილი განვიცადე და მარიტას ნახატი მივუძღვენი. ასეთი პატარ-პატარა ჩანახატები მაძლევს ემოციებისგან დაცლის საშუალებას. როდესაც ვხატავ, ვეთიშები სამყაროს, ეს მაძლებინებს...

- ნამდვილად საოცარი და მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ...

- ვერ წარმოიდგენთ ეს რამდენად სასიამოვნო პროცესია... რაც მთავარია, არ არის რუტინული, ორიენტირებული ვარ სამუშაო პროცესზე და არა შედეგზე. სრულად ვარ ჩართული თითოეული ნახატისა თუ ქანდაკების, ან თოჯინის შექმნაში, თავზეც არაერთხელ დამთენებია, მაგრამ მეორე დღეს ჩვეულებრივ განმიახლებია ემიგრანტულ სამსახურში მუშაობა, ბევრად დიდი ენერგიით დამუხტულს. ეს არ არის ჩემი პროფესია, უბრალოდ, ჩემი ჰობია, რომლის საშუალებითაც ნამუშევრებში ჩემი ემოციების გამოტანა ხდება.

- რამდენიმე წელიწადია სამშობლოში არ ყოფილხართ, ალბათ, ნოსტალგიაც გამძაფრებული გაქვთ... როგორია თქვენი წილი საქართველო?!

- ჩემთვის საქართველო ერთადერთი და განუმეორებელია, მისი წარმატებითა და შეცდომებით, აღმავალ-დაღმავალი გზებით... საქართველო ჩემი სული და გულია, ვერ გავცვლი ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სიმდიდრეზე, მოქალაქეობაზე და ა.შ. ყოველთვის ამას ვამბობ, რომ არ მინდა უცხო ქვეყანაში სიკვდილი, მინდა ჩემი მიწა დამეყაროს გულზე. შესაძლოა, ახლა საქართველოში რთული სიტუაციაა და უკმაყოფილო მოქალაქე მეტია ვიდრე, კმაყოფილი, მაგრამ საქართველომ რა დააშავა?! საქართველო მხოლოდ მთავრობა ხომ არ არის?! საქართველო სიყვარულია სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც, წინაპართა ძვლები გეგულება. ჩვენი შვილები იქ არიან და როგორ შეიძლება საქართველო არ გიყვარდეს?! დიახ, მშივრებიც არიან, მაგრამ დღეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ასეთი ფენა. მართალია, ჩვენთან ეს უფრო გამოკვეთილად ჩანს, მაგრამ ჩემი საქართველო, მაინც ყველაფერს მირჩევნია.

- სამშობლოში დასაბრუნებლად თქვენი "რეისი" მალე იქნება?!

- მგონია, რომ მალე უნდა იყოს, მაგრამ 3-4 წელიწადი მაინც არ ვაპირებ წასვლას. ჩემს აქ ყოფნას ჩემი სკოლა და ბავშვები ახანგრძლივებენ, ისინი, კომპენსაცია იმისა, რაც მე მაკლია საქართველოდან. იქნება ეს, შვილიშვილების სიყვარული, ოჯახური გარემოს ნოსტალგია, თუ სხვა. ამ პატარებს, რომ ვეფერები, მათში ჩემს შვილიშვილებს წარმოვიდგენ და ათმაგად მეტ სიყვარულს და სითბოს ვგრძნობ.

- გარდა იმისა, რომ ბავშვები მშობლიურ ენაზე წერა-კითხვას სწავლობენ, კიდევ, რას აძლევს მათ საკვირაო სკოლა? ასევე, თქვენც...

- მიხარია, რომ საშუალება მომეცა, ამ სკოლის ხარჯზე, შემეცვალა არსებული მდგომარეობა და იტალიაში დაბადებული ბავშვებისთვის ქართული წერა-კითხვა, ქართულად ლაპარაკი მესწავლებინა. გამეცნო მათთვის საკუთარი ქვეყნის ისტორია, მომეთხრო მათ წინაპრებზე, არსებულ მდგომარეობაზე, რომ საკუთარ სამშობლოზე ჰქონოდათ გარკვეული წარმოდგენა და სურვილი ჩასვლისა. არც ერთი მარცვალი არ იკარგება, რასაც დასთესს ადამიანი. ვფიქრობ, რომ ეს ბავშვები ჩვენი საქართველოს მომავლის ნაწილებად იქცევიან.

- ალბათ, სხვა ემიგრანტებისთვისაც გექნებათ რამე სათქმელი, ან იქნებ, რჩევა გაქვთ მათთვის...

- ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, მიიღეთ ის მოცემულობა რაც გაქვთ, შეხედეთ რეალობას თვალებში, გვერდზე გადადეთ დეპრესია და მოძებნეთ ჰობი, ჩაებით ისეთ საქმიანობაში, რაც გაგიადვილებთ ემიგრაციაში ყოფნას. მე ბევრი ფსიქოლოგიური ტრენინგი გავიარე, ჩვენთან ბარიში გაიხსნა კაბინეტი, სადაც იმყოფება ფსიქოლოგი და ემიგრანტებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში მიმართონ. სირცხვილი არ არის ფსიქოლოგთან მისვლა, თუკი ამის საჭიროება დგას თქვენს ცხოვრებაში. საბოლოოდ კი, ძალიან მინდა ყველანი მალე დავბრუნდეთ სამშობლოში...

 

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები