“საზოგადოება ყველაზე დიდი ლექსია” - ექსკლუზიური ინტერვიუ ემიგრაციაში მყოფ, გიორგი რამაზაშვილთან

არ არსებობს სფერო, გარდა ხელოვნებისა, რომელიც ღიად და დაუფარავად მოიცავს ტკივილისა, თუ სიხარულის, შემოქმედებითი კუთხით გამოხატვის თავისუფლებას. ერთ-ერთი ღრმა და უსასრულო ფენომენია პოეზიაც. ჩვენი ბუმბერაზი მგოსნები, ჩვენი წინაპრები, ლექსად ჰყვებოდნენ სათქმელს, ლექსად მღეროდნენ და ლექსად დარჩნენ შთამომავლობასაც… ყველაზე დიდ პოზიტიურ კვალსაც ლექსი ტოვებს ადამიანის სულში და სანამ სხეულს განეშორება, ყოველდღიურად იკვებება ამ მადლით.

ქართველები, საკმაოდ ნიჭიერი და უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ერი ვართ. ჟამთა ცვალებას აყოლილთა შორის, დღესაც მოიძებნებიან ტრადიციული, ადათ-წესური ლექსებით შემოქმედები. იშვიათად, თუმცა, მთის პოეზიას დღემდე ჰყავს გადმომცემიც და მკითხველიც. დღემდე იწერება ლექსები საქართველოს სხვადასხვა კუთხის კილო-კავზე, რომლებიც ჩვენი უახლესი ისტორიიდან ბუმბერაზი  მგოსნების დიდებულ შემოქმედებას მოგვაგონებს და რომლითაც თაობები იზრდებიან.

ემიგრაცია ურთულესი ხვედრია ადამიანისთვის, ვერავინ გაიგებს, თუ არ იგემა. ExclusiveTV-ს მკითხველისა თუ მაყურებლისთვის, არ საჭიროებს ახსნას, თუ რა მიზანი აქვს ამ ციფრულ გაერთიანებას. როცა სამშობლოდან შორს, შესაძლებლობა გეძლევა, შენი ეროვნების ხელოვანი, თუ სხვადასხვა საქმით წარმატებული ადამიანები აღმოაჩინო და საზოგადოებას გააცნო, როგორ შეიძლება არ იამაყო შენი პროფესიით. დიახ, ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი იტალიაში, კერძოდ კი ფლორენციაში აღმოვაჩინეთ. გიორგი რამაზაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ლიტარატურული ლექსების გარდა, მომავალი თაობებისთვის, კილო-კავზე შექმნილი პოეზიის უდიდეს ქართულ შემოქმედებით  მემკვიდრეობას ქმნის. ამ ინტერვიუდან, მის შესახებ, არაერთ საინტერესო დეტალს გაიგებს მკითხველი:

- დავიბადე 1986 წლის 6 აგვისტოს, ალალ, გლეხურ და ქართულ ძალიან ტრადიციულ ოჯახში, საოცრად მეწესური და ადათ წესის მიმდევარი  დედ-მამის მესამე შვილად. მყავს ჩემზე უფროსი ორი და რომლებიც დაოჯახებულები არიან. სამწუხაროდ, დედა უკვე გარდაიცვალა… რა გიამბოთ?! ვარ, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ცოცხლობს ლექსით, უყვარს ყველა და ყველაფერი. განსაკუთრებული ძალა მემატება ჩემ თუშეთზე ფიქრისას  და ლექსსაც სწორედ იქ დარჩენილი მთების სიყვარული მაწერინებს.

- როგორ ან რატომ მიიღეთ ემიგრაციაში წამოსვლის გადაწყვეტილება?

- ადამიანი როდესაც მიდიხარ იმ ფიქრამდე, რომ სამშობლო უნდა დასთმო და წახვიდე სხვა ქვეყანაში, ეს საშინელი გრძნობაა. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა ემიგრანტს, მეც გამიჭირდა ჩემი ოჯახის, მეგობრების, ჯვარ-ხატის, მკვდართ საფლავების, თუშეთის, სახლ-კარისა და სამშობლოს დატოვება, სიტყვა ემიგრანტი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ  არ მაძლევს დღევანდელი ჩვენი ყოფა ამ სიტყვის გამოუყენებლობის საშუალებას. სამწუხაროდ, დღეს თუ რამ გააჩნია საქართველოს ისეთი, რასაც ეკონომიკის კეთება არ სჭირდება, ემიგრირებული ქართველები არიან.

მეც ამ დიდ ოჯახს იქ შექმნილი აუტანელი მდგომარეობის გამო შევუერთდი. წამოვედი, რათა არ მქონოდა შიში შიმშილისა. დავტოვე ქვეყანა იმიტომ, რომ “ხვალ პური რით ვიყიდოს” ფიქრს ვეღარ ვუმკლავდებოდი. ძალიან ლამაზად ჩანს ემიგრანტული ცხოვრება, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს უკვე მთელმა საქართველომ იგემა ამ სიტყვის მნიშვნელობა და აგერ, დარჩა საქართველო უქართველებოდ.

- თქვენი შემოქმედება, კონკრეტულად რა თემებსა და საკითხებს შეეხება?

- კაცს, რაც დაგეწერება ღმერთისგან, იმას ვერ დაემალდბი, ვერც იმას ვიტყვი, რომ რომელიმე კონკრეტული თემა მაქვს აღებული და მხოლოდ იმაზე ვწერ. შეიძლება, დღეს ბალახზე დავწერო, ხვალ სიკვდილზე და ზეგ სიყვარულზე. მით უმეტეს ლექსი ისეთი რამეა, რომ ვერ გასთვლი, ვერ დაგეგმავ, როდის რაზე რას დასწერ. ხან, ისე უჭკუოდ მომვარდება და დამაწერინებს, რომ მეც ვერ მოვდივარ გონად, რაზე და რატომ დავწერე.

ჩემი შემოქმედება ძირითადად თუშეთზე, იქ დასამარებულ წინაპრებზე, იქაური თითო წვა ყორეს სიყვარულსა და იქ გატარებულ ჩემს ბავშვობაზეა.

- ვინ, ან რა არის თქვენი პოეზიის ძირითადი მუზა?

- მე ყველაზე უძლეველი და საოცარი მუზა მყავს. გამიგია სხვების ნათქვამი ჩემს ლექსებზე, “თავად მთები არიან და მათი კითხვისას ამ მთებში ჩვენ ვმოგზაურობთო”. როგორც აღვნიშნე, არ და ვერ ვწერ მხოლოდ ქალზე ან ზოგადად სიყვარულზე და ან მხოლოდ ბუნებაზე, თავად მომვარდება ხოლმე მგელივით ის რაღაცა (მუზას რომ ეძახით) და სანამ თავს არ დამაწერინებს არ მეშვება.

- როგორც ვიცი საავტორო კრებულიც გამოეცით. რამდენ ლექსს მოიცავს და რა თემატიკის ლექსებია?

- სამი საავტორო კრებულია გამოცემული ჩემი შემოქმედებისა. პირველი, რომ გამოიცა, როგორც მახსოვს, 2003 წელი იყო, ახლებთან  შედარებით, მცირე ზომის წიგნია სახელწოდებით: “თუშეთის კარ მზე აგჩიჩინდ”. ვწერ, როგორც თუშურ დიალექტზე, ასევე ლიტერატურული ქართულით. მეორე წიგნი 2012 წელს გამოიცა სახელწოდებით: “დ'ეე შენა-დ თუშეთ”. წინასთან შედარებით, უკვე უფრო დიდი, რომელიც ბატონი დათო მაღრაძეს თანადგომითა და სპონსორობით დავბეჭდეთ. სიურპრიზი გამიკეთა დათომ, არ ვიცოდი წიგნის დაბადების შესახებ და ასე გამოეფინა სამზეოს, წიგნი რომელიც დედაჩემის ხსოვნას ეძღვნება. ლექსი “მაქსი” მაქვს დედაზე მიძღვნილი და სწორედ, ლექსიდან გამომდინარე დაერქვა წიგნს ეს სახელი. რაც შეეხება მესამე კრებულს, ეს სულ ახალი დაბადებულია, სახელეოდებით: “არა, აღარ მოგიკვდებ”. ეს წიგნი გამოიცა ამერიკაში მცხოვრები თუში ემიგრანტების სპონსორობით და მათი პატივისცემის აღსანიშნავად მთელ წიგნში მხოლოდ თუშურ დიალექტზე დაწერილი ლექსები დავაბინავე, ამ ბოლო გამოცემაში 300-მდე ლექსი დავაცხოვრე. აქვე აღვნიშნავ, რომ წინა წიგნებში ნახევარი ლექსები დიალექტური დაიბეჭდა და ნახევარი ლიტერატურული. თემატიკა კი უცვლელია, რაც დამეწერება იმას ვწერ…

- რა არის თქვენთვის პოეზია და რამდენად დიდი ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?

- პოეზია არის სენი, რომელმაც მთლიანად მომიქცია თავის სამყაროში და მას ვეღარასდროს დავაღრწევ თავს. ლექსი ჩემი სულის ტაძარია! გამიგია სიმღერაზე, “მხოლოდ სალხინარი არ არისო, დარდის ჟამსაც ვმღერივართო და ასე გამოვთქვამთ ჩვენს სევდასო”. ზოგადად, ძალიან უთქმელი და გულში დამტევი ვარ, წყენას ლხენას და დარდს ლექსით გამოვთქვამ. ვერც ერთი დღე ვერ გავძლებ და ვერ გადავიტან ულექსოდ, ყოველი ლექსი ჩემი შვილია და ძალიან სათუთად ვეპყრიბი, ჩემი ცხოვრების ხსომიერება პოეზიას უკავშირდება, ღრმა ბავშვობიდან ასე მოვდივარ. მახსოვს ჩემი მშობლებისგან, რომ მეტყოდნენ: “დაიკარგებოდი ხოლმეო და ხან საწოლის ქვეშ გიპოვიდით, ხანაც სადმე კუთხეში დამალულს შელი ფურცლებითო”. აბა მე რა სასიცოცხლოღა ვარ ულექსოდ?!

- როგორია თქვენი საქართველო და ასევე, რომ გვითხრათ, როგორ ჩანს ჩვენი სამშობლო  ემიგრაციიდან?

- საქართველოს ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის, სადაც არ უნდა წავიდე და რამდენი წლისაც არ უნდა გავხდე! ის, ჩემი სამშობლო და ჩემი სალოცავი ხატია. ძალიან განვიცდი ჩემი ქვეყნის დღევანდელ ყოფას. ვფიქრობ, რომ ისევ ჩვენ უნდა ვიტვირთოთ ჩვენთვის მოზღვეული ჯვარი და ყველა ერთად, შეძლებისდაგვარად, შევეხიდოთ საქართველოს. ძალიან რთულია, შენი ქვეყნიდან ძალიან შორს მყოფი უყურებდე და იგებდე იმ საშინელებებს რაც დღეს იქ ხდება: აღარ არსებობს სიყვარული, აღარ არის ერთმანეთის დაფასება, ფესვი ღრმად გაიდგა შურმა და სიძულვილმა! ადამიანებისგან სულ იმას მოვითხოვ, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი, ნუ განვუდგებით უფალს და ვიცი, ჩვენზეც გადმოვა წყალობა და მადლი ღვთისა. არ გავიწირებით, კიდევ ვართ შემორჩენილი ქართველები, ვისაც უწინდებურად გვიძგერს მკერდში გული სამშობლოს სიყვარულისა. დიდება უფალს!

- გიფიქრიათ სამშობლოში დაბრუნებაზე?

- ყოველი დილის ცისკარი, არის სამშობლოში დაბრუნების ფიქრისა და ოცნებისა… აუცილებლად და თან, მალე დავბრუნდები საქართველოში! დაბრუნება, ჩვენი გონების მთავარ ფესვად უნდა გავუშვათ თითოეულმა ქართველმა ემიგრანტმა ჩვენსავე გულში და რაც შეიძლება დროულად მივხედოთ ღვთიურ ამა ქვეყნის სამოთხეს.

- თქვენი პოეზიით, რა სათქმელის მიტანას ცდილობთ მკითხველამდე?

- არასდროს დამიწერია ლექსი იმისთვის, რომ ვინმე კონკრეტულ ადამიანს მივაწვდინო ხმა რითმებით! ადრე, არც გამოქვეყნება მიყვარდა და შემდეგ, უკვე საზოგადოების თხოვნით დავიწყე სააშკარაოზე გამოტანა. მიხარია, რომ უყვარს ხალხს მთის კილო-კავი და დიალექტზე დაწერილი ლექსი. ბევრი შემთხვევა მქონია, რომ სადმე ღინისძიებაზე სტუმრად მისულს მომისმენია ჩემი ლექსები გამომსვლელებისაგან. ეს ძალიან სასიამოვნო და გასახარია, როდესაც ავტორი ისმენს არა-თუშისგან უზადოდ წაკითხულ თუშურად დაწერილ ლექსს. დიალექტი თავისთავად აღარის ადვილად წასაკითხი, მით უმეტეს, თუ არ ხარ იმ კონკრეტული კუთხის წარმომადგენელი. მინდა მივიტანო მკითხელის გულებამდე ურთიერთსიყვარული, ერთმანეთის დაფასება და ის უტეხი სული, რასაც ქართველკაცობა ჰქვია. გამიხარდება, თუკი ოდნავაც ვინმეს გულს გავუთბობ ჩემი ლექსებით და საქართველოს ტოტები ბერმუხა სამშობლოს ღირსეულად დაეფესვებიან.

- როგორ ფიქრობთ რამდენად სწორად აღიქვამენ თქვენს შემოქმედებას სხვადასხვა თაობის ადამიანები და მიდის, თუ არა სათქმელი ადრესატამდე?

- აღსანიშნავი და ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელ საქართველოში, ამ მძიმე შექმნილი სიტუაციების ფონზე, საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა, აფასებს და სიყვარულით იღებენ.  იმიტომ კი არა, რომ ის მე დავწერე, იმიტომ, რომ ის მთისაა და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს მთის ფოლკლორს ქართველ ხალხში. ალბათ, ცოტათი ავტორის სიყვარულიც ახლავს, თუმცა, მაინც მთა ბევრის მთქმელი და მომსწრეა. მე ვწერ იმიტომ, რომ მეწერება, ვერ დავწერ ვინმეს სასიამოვნოდ და “ზაკაზად”. რაც დაიწერა, ასევე, უცვლელად მიდის მკითხველამდე. შესაბამისად, ყოველი მკითხველი ის ადრესატია, რომელიც კითხვაში იგულისხმება და ამიტომაც, უშურველად ვგრძნობ ამ ადამუსნების უდიდეს სიყვარულს, რომელიც ძალიან მაძლიერებს და მმატებს ძალას ამ სასიამოვნოდ  რთული და საპატიო ტვირთის ტარებისა.

- რა შემოქმედებითი გეგმები გაქვთ, ხომ არ მზადდება მორიგი კრებული?

- შემოქმედება დაუგეგმავია, თუმცა, არის დღეები აქაური სამყაროსგან ძალიან განსხვავებული. ხელოვანი ადამიანისთვის არ არის უცხო, სხვა, რაღაცნაირ განზომილებაში მოხვედრა. ხანდახან, ძალიან სხვაგვარი და არაამქვეყნიური დღეებიც მსტუმრობს და ეს ჩვეულებრივი ცხოვრების წესია -  ხელოვნების თასს შეჭიდებულთათვის. რაც შეეხება ახალი კრებულის გამოცემას, ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი, რომ ალბათ მალე, სამზეოზე გამოვა ახალი წიგნი, რომელშიც მხოლოდ ქართული ლიტერატურული ლექსები შევა. დაწყებულია მუშაობა გამოცემასთან დაკავშირებით, სახელიც შერჩეული მაქვს და დიდი სიხარულით ველოდები მის დაბადებას.

- თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი…(?!)

- ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ვიცი კი რა არის ცხოვრება?! მაგრამ როდესაც გულს გამითბობენ სიყვარულით და ხალხი, რომლებიც თვალითაც არ მყავს ნანახი, ძალიან თავისიანად მომიკითხავენ, როგორ შეიძლება არ იყო ბედნიერი ადამიანი, მიზანი ერთი და კვალგაუმრუდებელია, რაც დაიბადე იმად უნდა მოკვდე! ყველაფერს იყიდი და ადამიანობას ვერა, ყველაფერი გამოხვალ და თუ სულში არ გიდევს კაცი ვერა! რაც თავი მახსოვს, სულ ასე მოვდივარ, ბევრჯერ მიფიქრია, ნეტავ ვინმე გამოჩნდეს მომავალი თაობიდან, ვინც დასწერდა დიალექტურად და მეც მშვიდად ვიქნები მეთქი… თუშები, ძალიან ნიჭიერი და განათლებული ხალხია, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელნიც წერენ, უკრავენ, მღერიან, მაგრამ არ გვიყვარს სააშკარაოზე გამოჩენა. მე, თელავში ჩატარებულ საღამოზე წაკითხულმა ერთმა ლექსმა “გამიტეხა სახელი”, თორემ ალბათ, მეც ასე ვიქნებოდი და დღემდეც არავის ეცოდინებოდა ჩემი არსებობა. ამ წლების განმავლობაში, უკვე 20-ზე მეტი, ჩემი პერსონალური შემოქმედებითი საღამოა ჩატარებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათ შორის საზღვრებს გარეთაც.

ნეტავ კი გამოჩნდეს ვინმე და სწერდნენ, რაც შემეძლება დავეხმარები ამ ეკლით მოფენილი გზის გაკვალვაში, რომელიც ბოლოს ზევით, გამარჯვებისა და პოეზიის მწვერვალისკენ მიემართება.

ბევრ გულისტკენას შურსა, თუ ბრალ-მიზეზს წავაწყდი ჩემ წილ სამზეოზე, თუმცა, არცრიდის არ წამიმუხლია იმიტომ, რომ დრო თავად ამბობს სათქმელს. საზოგადოება ყველაზე დიდი ლექსია, ვერ გახდები პოეტი შენი სურვილით, ხალხმა უნდა გაგხადოს. მე მადლობელი ვარ ქართველი ერისა ჩემი ლექსების აღიარებისა და დაფასებისთვის. არ არსებობს არავითარი ჯილდო და წოდება მკითხველზე დიდი,  ჩემი დასკვნითი მიზანი კი ჩემი სამშობლოს უღალატობაა, მოკვდი ის, რადაც დაიბადე!

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌  “არავისთვის მითქვამს, ზოგჯერ, საქართველოსთვის ვტირი” - ექსკლუზიური ინტერვიუ ლადოსთან (ინეზა კემულარია)

📌 “ახალი პაპის” ქართველი მცველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა მჭედლიძესთან

📌 “წყლით ქარგვის”თვითნასწავლი ხელოვანი - ექსკლუზიური ინტერვიუ რომში მოღვაწე ქართველ ემიგრანტთან

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები