"შენ ხარ ვენახი" - ემიგრანტმა ქალმა იტალიელები ქართულად აამღერა - ექსკლუზიური ინტერვიუ გულიკო ლომთათიძესთან

"შენ ხარ ვენახი", "სულიკო", "ჩაკრულო", "წინ წყარო", "იავნანამ რა ჰქმნა?!" - ეს იმ სიმღერების მცირე ჩამონათვალია, რომელზედაც ქართველმა ემიგრანტმა იტალიური გუნდები აამღერა. სპეციალურად ქართული სიმღერების ასაჟღერებლად შექმნილი ანსამბლებისა და იტალიაში მისი (ამგვარი) მოღვაწეობის გამო, ადგილობრივ მუსიკოსთა ასოციაციაში გააერთიანეს და ვენეტოს მოქმედ დირიჟორთა სიის ნაწილიც გახდა. ასევე, დააჯილდოვეს "დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2019"-ის ღონისძიებაზე.

გარდა ამისა, გულიკო ლომთათიძე ბავშვთა გუნდის კონცერტმაისტერი და დირიჟორიც გახლდათ. იტალიაში, ერთ-ერთ სამუსიკო სკოლაში სოლფეჯიოსა და ფორტეპიანოს პედაგოგად მუშაობდა. თავის დროზე, მის ხელში არაერთმა, დღეს უკვე წარმატებულმა მუსიკოსმა გაიარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბავშვო ევროვიზია 2022-ის ერთ-ერთი მონაწილე, შანელ დილეტა აპოლონი, რომელიც იტალიას წარმოადგენდა, გულიკო ლომთათიძის მოსწავლე იყო.  (როგორც გუშინ, ევროვიზიის ფინალიდან გაირკვა, მან მე-11 ადგილი დაიკავა).

1994 წელს მისი ქალიშვილის იტალიურ ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა. გულიკო ლომთათიძის ემიგრაცია, სწორედ ამ თარიღიდან იწყებს ათვლას. როგორ მოახერხა უცხო მიწაზე ახალჩამოსულმა ემიგრანტმა იტალიელებისთვის ქართული კულტურის შეყვარება და როგორი იყო მისი მუსიკალური მოღვაწეობა, ვინჩენცას რაიონში 27 წლის მანძილზე, ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე, ჩვენი რესპონდენტი თავად ისაუბრებს:

- 1995 წელს, სრულიად შემთხვევით, აღმოვჩნდი ქალთა გუნდის წინაშე. პირველი რეპეტიციიდან თვე-ნახევრის შემდეგ, პირველი მესა ჩავატარეთ, სადაც, პირველად გაჟღერდა "შენ ხარ ვენახი". ეს მოხდა ვინჩენცას რაიონში, არსიეროს ოლქში. ამის შემდეგ, რეგულარულად ვმუშაობდი Stella Alpina-ს გუნდთან 7 წლის განმავლობაში. მათთან პირველად გაჟღერდა ქართული სიმღერა, მათ შორის, ხალხურები. რა თქმა უნდა, მაშინ სულ სხვა დრო იყო და ბევრი კონცერტი ტარდებოდა. უცებ, ისეთი რამ მოხდა, რომ ვინჩენცას რეგიონში გავარდა ხმა, რომ არსებობს ქართველი დირიჟორი და დაინტერესდნენ მოქმედი კომპოზიტორები, მათ შორის ბეპიდე მარცი. ბეპიდე მარცი მაშინ მკვდარი მეგონა (იცინის). ძალიან მოვეწონეთ მეც, ჩემი შვილიც, რამდენიმე კონცერტი ერთად ჩავატარეთ და ასე, ნელ-ნელა ვიპყრობდით იტალიურ სცენას და ვაგროვებდით გულშემატკივრებს, რომლებსაც მოსწონდათ ქართული სიმღერები. მარციმ სწორედ, ეს აღნიშნა: "მე ვიცი საქართველო, რამდენად დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა".

- რამდენად მარტივი იყო იტალიელებთან ქართულ სიმღერებზე მუშაობა?

- იმ პერიოდში, როდესაც ეს საქმე დავიწყეთ, იტალიური არ ვიცოდი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ მუსიკალურ ფრაზებს, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი არ შეუშლია, რომ მე ჩამეტარებინა რეპეტიციები. ჩვენ დაახლოებით, წელიწადში 24 კონცერტის ჩატარება გვიწევდა. მერე, რაღაც შემთხვევის გამო, დავტოვე ქალთა გუნდი, რომელსაც უდიდესი მიღწევები ჰქონდა, საზღვარგარეთაც დავდიოდით გასტროლებზე, ასევე, შემოვიარეთ იტალიის სხვადასხვა კუთხეები... ამის შემდეგ, 2000 წელს, როცა ეს გუნდი დავტოვე, სახლში გვეწვია "ლუგო დი ვინჩენცას" მღვდელი, რომელმაც საეკლესიო გუნდის დირიჟორად მიმიწვია. აქ, უკვე იწყება უფრო სერიოზული და დიდი მასშტაბის საქმიანობა. გავაკეთე ნაწყვეტები ოპერებიდან, მესებიდან. ამ გუნდთან გავაკეთე იოსებ კეჭაყმაძის "გული" რადგან მე გულიკო მქვია და ამით გავაერთიანე ჩემი იქ ყოფნა. ასევე, სიმღერა "თენდება", რასაც უდიდესი წარმატება მოჰყვა. ამ გუნდთან 14 წელიწადი ვითანამშრომლე.

- ახალ გუნდში, თუ გქონდათ გამორჩეული რეპერტუარი?

- რა თქმა უნდა, ეს დიდი გუნდიც მღეროდა ქართულად და ამ პერიოდში, წინა გუნდიდან, რომელიც დავტოვე, 6 ქალი წამოვიდა და გვთხოვეს, რომ მათთვის მხოლოდ ქართული სიმღერები გვესწავლებინა, ხალხურიც, თანამედროვეც და ამ გუნდთან მე დღესაც ვთანამშრომლობ... 27 წელია მათ ვიცნობ და 22 წელია ერთად ვმუშაობთ. ასეთი დიდი სტაჟი გვაქვს ურთიერთობის. რასაც კარგად გააკეთებ, ის აუცილებლად ისხამს პოზიტიურ ნაყოფს. როცა ეს ორი გუნდი დავტოვე, ერთი 2000 წელს, ხოლო "შერეული გუნდი" 2014 წელს, მათ ამის შემდეგ, არაფერი უკეთებიათ, მათთან ვერც ერთმა დირიჟორმა უკეთესი და ახალი ვერაფერი შექმნა, ამას თამამად გეუბნებით. ის გუნდები ყველა ჩაკვდა და გაქრა.

- როგორი იყო უცხო მიწაზე ქართული საქმის კეთება?

- როგორც გითხარით, 2000 წელს Stella გუნდი დავტოვე. აქედან წამოსულმა ექვსმა ქალმა, ახალი "შერეული გუნდიდან" წამოსულმა ორმა ქალმა და ასევე, მე და ჩემმა შვილმა, ამ ათმა ქალმა, შევძელით და გავხდით გუნდი, რომელიც 22 წელია ქართულ სიმღერას აჟღერებს და შემოვიარეთ მთელი იტალია. 35 ქართული სიმღერა გავაკეთეთ. ჩვენი კონცერტების დროს,  "ინგრეოდა" დარბაზები აპლოდისმენტებით... არ მახსენდება არც ერთი კონცერტი ისე, რომ იტალიელებს მოესმინათ ქართული სიმღერა, დაეკრათ ტაში და წასულიყვნენ. კონცერტის შემდეგ, ყველა ინტერესდებოდა, ვინ ვიყავით, საიდან, რაზე ვმღეროდით და ა.შ. 35 სიმღერა გავაკეთეთ, მათ შორის, ისეთი მივიწყებული ქართული ხალხური სიმღერებიც კი, რომელიც საქართველოში ჯერ არ უმღერიათ. ყველაზე ურთულესი, რაც გავაკეთე იყო "როგორ ეძებს გაზაფხული თბილისს", მაჭავარიანის "დოლური", იმერული "მგზავრული", ცნობილი "იავნანამ რა ჰქმნა" სამ ხმაში. გამოვუშვით ქართული ალბომი, Sintonia Tbilisi-ს მიერ შესრულებული სიმღერებით, სახელწოდებით: "თბილისი ჩემს გუნდში". ეს არის უდიდესი ბედნიერება.

- თქვენ აკეთებდით ქართულ ხალხურ სიმღერებს და თან, ეს ყველაფერი გააკთეთ უცხო მიწაზე, იტალიელები აამღერეთ თქვენს მშობლიურ ენაზე...

- რა თქმა უნდა. ყველაზე სასიამოვნო კი, ალბათ ისაა, რომ დღემდე ეს სიმღერები მათ ზეპირად იციან და შეუძლიათ შეგისრულოთ ნებისმიერ დროს. ჩვენს "ანგარიშზეა" უამრავი კონცერტი, რომელიც ქართული ხალხური სიმღერებით გვაქვს ჩატარებული. ჩვენი პატრიარქის საგალობელი - "იესოც" მაქვს გაკეთებული და ა.შ.

- იტალიური გუნდის საქართველოში ჩაყვანას და სამშობლოში კონცერტის ჩატარებას ხომ არ გეგმავთ?

- აუცილებლად მინდა ჩავიყვანო გაზაფხულზე, ან ზაფხულში. მე მაქვს უკვე სპეციალური მოწვევა ანსამბლიდან "გვირილა". როგორმე უნდა მოვახერხო და წავიყვანო ეს ქალბატონები საქართველოში და თუ მოხერხდა, ეს იქნება მათი ბოლო გასტროლი, რადგან ამ 27 წლის განმავლობაში მეც დავბერდი და ისინიც (იცინის).

- აქამდე, რატომ ვერ მოახერხეთ?

- ხან ომმა შეგვიშალა ხელი, ხან პანდემიამ და ასე გადაიდო ჩვენი გასტროლები საქართველოში.

- ხშირად ხდება ხოლმე, როცა მომღერლებს სცენაზე, ექსპრომტად უწევთ ხოლმე ამა, თუ იმ სიმღერების შესრულება... თქვენ, თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?

- მახსოვს, ერთ-ერთი კონცერტის დროს, როცა "წინ წყარო"

 შევასრულეთ, აპლოდისმენტები არ გაჩერებულია, ამას გადავაბით "ჩაკრულო", რომელიც ბანების გარეშე, ექსპრომტად შევასრულეთ და ასე მოხვდა "ჩაკრულო" ჩვენს რეპერტუარში. ქართული მუსიკისადმი ინტერესის გამო, დამიკავშირდა ორი ნამდვილად დიდი ეთნოგრაფი, ერთი იყო ფრანგი, მეორე - იტალიელი, ტრენტინოდან. მათთან ჩემ შვილთან ერთად ჩავდიოდი და ქართულ-ხალხურ სიმღერებს ვასწავლიდით, შემდეგ ერთად გამოვდიოდით კონცერტებზე.

- განსაკუთრებულად, რომელი კონცერტი გახსენდებათ?

- "ტრენტინოს" ხელმძღვანელ, მორელისთან ერთად, ოთხი წლის წინ, ჩავატარეთ ერთკვირიანი ტურნე, სახელწოდებით "მრავალჟამიერი", იტალიის ჩრდილო ნაწილში. ჩვენთან ერთად იყო, ბიჭების ჯგუფი "ადილეი". ჩვენ ვმღეროდით მხოლოდ ქართულად. მახსოვს, ერთ-ერთ კონცერტზე რუსებიც გვესწრებოდნენ და ქართული სიმღერების: "შენ ხარ ვენახის", "ჩაკრულოს" მოსმენისას, ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ და აპლოდისმენტები არ წყდებოდა. ყველა კონცერტი დასამახსოვრებელი იყო ნამდვილად.

- ბუნებრივია, თქვენი შრომის შედეგს, კონცერტებზე ხედავდით, თუმცა, ხომ არ იყო ისეთი რამ, რა დროსაც, განსაკუთრებულად დაგინახავთ, ან გიგრძნიათ ეს შედეგი?

- 27 წლის წინ, შესაძლოა საერთოდ, არც იცოდნენ სად იყო საქართველო, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ჩვენ გარკვეული წვლილი შევიტანეთ, რომ იტალიელებისთვის საქართველოს კულტურა გაგვეცნო, ჩვენი ქვეყნის, ღვინის ისტორიაზე გვეთქვა მათთვის, რომ ქართული წარმოშობისაა და ა.შ. ასე დავიწყეთ ქართული სახელმწიფოს ცნობიერების შეტანა იტალიელებში 1995 წელს. მათ, მართლა არ იცოდნენ არაფერი. ამ სიყვარულით, ქართული ყველაფერი მოსწონდათ, კერძები, ღვინო, სიმღერები თავისთავად, იტალიელი მეზობლის ბავშვებს ქართულად ვზრდიდით და ა.შ. იტალიაში გავხსენით პირველი ქართული რესტორანი, სადაც მოვიდა სწორედ, ის იტალიელი ეთნოგრაფი, მორელი, მისი გუნდით და გამომდინარე იქიდან, რომ ქართული არ იცოდნენ და ვერ იმღერებდნენ, დასვა მისი ორკესტრის ოთხი მონაწილე და "შენ ხარ ვენახი" დაუკრეს. მორელიმ ძალიან კარგად იმუშავა ჩვენთან ერთად. ასეთი ამბებიც იყო ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება.
 
- თუკი, ყველაფერი ასე კარგად მიდიოდა მორელისთან, რატომ გაწყვიტეთ ურთიერთობა? 

- როცა "მრავალჟამიერის" კონცერტები დავასრულეთ, კონცერტის მსვლელობის დროს ის ჰყვებოდა საქართველოზე და შემდეგ გადადიოდა სასომხეთზე. მის მონოლოგს ასრულებდა სომხეთით, ღვინოზე, სიმღერებზე და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როცა კონცერტის შემდეგ ვახშამზე ვიყავით, მას ვუთხარი: "სომხები ასე, თუ ისე ყველამ იცის, საქართველო უფრო ნაკლებად არის ცნობილი და შენ, რომ ქართული სიმღერის შესრულების შემდეგ, სომხეთზე იწყებ საუბარს, მსმენელს სომხეთი უფრო დაამახსოვრდება, ვიდრე, ქართული და არ გინდა"-მეთქი! შემეწინააღმდეგა, რასაც ჩემი მხრიდან ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა, ლამის მაგიდა გადავაბრუნე. ასე, ვიჩხუბეთ და დავშორდით ერთმანეთს. იმის მერე, აღარ შეგვხმიანებია. შესაძლოა, მეც გადავაჭარბე და ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა, მაგრამ გული მტკიოდა სულ სასომხეთი, სასომხეთიო რომ იძახდა... რად მინდა, ქართული კულტურის "მრავალჟამიერის" დროს, სომხების ხსენება, ყველა კონცერტზე?! თქვენ მშვენივრად იცით, რომ ჩვენი ყველაფერი უნდა სომხებს და ყველაფერს თავიანთ სახელს აწერენ. ქართულ კულტურასთან სომხეთის პოპულარიზაცია ჩემთვის მიუღებელი იყო. რას ვიზამთ, ასეც ხდება ხელოვნებაში...

- რომელიმე გამორჩეული "ვარსკვლავი" თუ აღიზარდეთ?

- ბოლო სამი წელიწადია მე საქართველოშიც ვცხოვრობ და იტალიაშიც. იტალიური პენსია მაქვს და როცა ჩამოვდივარ ხოლმე, Sintonia Tbilisi ვურთიერთობ და ვამეცადინებ. ჩვენ ვიკრიბებით და დღემდე გვაქვს რეპეტიციები. არასდროს სამსახური არ მიძებნია, 10 წელი ვიმუშავე Istituto musicale di Thien-ში ფორტეპიანოს მასწავლებლად. უამრავმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში და რომ მიხვდნენ, რომ ჩვენი სკოლა განსხვავებულია, ტექნიკაზე მუშაობით, სოლფეჯიოს სწავლების მეთოდებით, მუსიკალური განათლებით და ა.შ. პატარა ბავშვები, ვინც შემოჰყავდათ ინსტიტუტში, ყველა პატარას მე მანდობდნენ. აქედან შემიძლია გემრიელად ვთქვა, რომ 14 წლის განმავლობაში დღეს ცნობილი მუსიკოსებიც არიან ჩემს ხელში გავლილი მოსწავლეობის პერიოდში. ერთ-ერთმა ბავშვმა, ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, გუშინ ევროვიზიაზე იმღერა, შანელ დილეტა აპოლონი, ეს ჩემი გაზრდილი ბავშვია. მას დედა ოპერის მომღერალი ჰყავს, ალისა ზინოვიევა, რომელიც ლასკალაზე მღერის. დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდი ამ ქალბატონს და მისი შვილი, 7 წლის ბავშვი მომიყვანა და მოვამზადე. რასაკვირველია, იქაც  ვაკეთებდი ქართულ სიმღერებს.

- რა ემოციას იწვევდა თქვენში ქართულ სიმღერებზე მუშაობის პროცესი იტალიელებთან?

- ჩემი საქართველო, ამ ქალებთან ერთად 22 წლის მანძილზე ვატარე მხრებით. ცრემლებამდე მივდიოდი... "შენ ხარ ვენახის", "ჩაკრულოს", "წინ წყაროს", "სულიკოს", "იავნანამ რა ჰქმნას" და სხვა დანარჩენ სიმღერებს როცა ვმღეროდით, ტუჩის გარშემო მიყვითლდებოდა და სულ ქართულად ვიწერდი პირჯვარს. არც არავისი მერიდებოდა და არც მეშინოდა. ქრისტიანი ვარ, "თქვენი გამარჯვებისაო" ვამბობდი და დავიწერდი პირჯვარს... მუსიკალურად, მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა ორი ადამიანისგან გაკეთებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩემი შვილი და მე ერთმანეთს არ მოვშორებივართ, ამ გუნდებთან ერთად ვისწავლე იტალიური, თანდათან ავალაპარაკე იტალიელებიც ქართულად და ვთვლი, რომ საინტერესოდ ვიღვაწეთ... რაც მთავარია, რომში ძალიან ხშირად ჩამოვდიოდი, ქეთევან ბაგრატიონთან უახლოესი ურთიერთობა მქონდა, რადგან 2005 წელს, როდესაც მილანში პირველი სათვისტომო გაიხსნა, ქალბატონი ქეთევანი მის შვილთან ერთად ჩამოვიდა. მახსოვს, როცა ქართული სიმღერები შევასრულეთ, წამოდგა და თქვა: "მე ვგრძნობ, რომ აქ, საქართველოს გული ფეთქავს". ამ სიტყვებს ვერაფერი დამავიწყებს...

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

 

რუბრიკის, "წეროები მიფრინავენ" სპონსორია კვება მამუკასთან ერთად

სწორი კვება - გზა ჯანმრთელობისკენ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1728991998

სპორტი

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...

 ზურიკო დავითაშვილი

1728990630

სოციალური მედია

„დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე“ - კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელენე მეგრელიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნიკა მელია ავრცელებს და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება.  „გვაქვს უმძიმესი დღეები,...

ელენე მეგრელიშვილი

1728988114

საზოგადოება

ლევან და შენონ ჩერტკოევები შვილს ელოდებიან

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც იანვარში შედგა, ყველა აალაპარაკა. ლე­ვან ჩერ­ტკო­ე­ვის რჩე­უ­ლი შე­ნონ ნი­ლია. ოჯახმა, რომელიც...

ლევან და შენონ ჩერტკოევები

1728984125

ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტი გურამ აბულაძე გარდაიცვალა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“ თავმჯდომარე გურამ აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.  „გიგა.... ასეთი ნიჭიერი, მიზანდა...

გურამ აბულაძე

1728980590

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი,...

აა