“წყლით ქარგვის”თვითნასწავლი ხელოვანი - ექსკლუზიური ინტერვიუ რომში მოღვაწე ქართველ ემიგრანტთან

ბევრი თქვენგანისთვის, ალბათ, უცნაური ტერმინია “წყლით ქარგვა”. მასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ქარგვაში ამ ტექნიკას ნაკლები მიმდევარი ჰყავს. სინამდვილეში კი, ამ ტერმინს ხელოვანები ასე ხსნიან: ძაფი ისე ჯდება ერთმანეთში, ნამუშევარი წყლის ზედაპირივით სწორი და გლუვი ხდება, ამიტომაც ქარგვის ამ მიმართულებას “წყლით ქარგვას” უწოდებენ. ამასთან დაკავშირებით, უფრო ვრცლად, ჩვენი რესპონდენტი ინტერვიუში საუბრობს.

ლია კერვალიშვილმა სკოლის დამთავრების შემდეგ, ქარგვის სწავლა გადაწყვიტა და საავიაციო ქარხანაში, ერთ-ერთ თანამშრომელთან დადიოდა, რომელიც სამსახურთან შეთავსებით, რამდენიმე ახალგაზრდას საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ეს არ იყო წრე. 90-იანი წლების სიდუხჭირესთან გასამკლავებლად ყველა ცდილობდა, ძირითადი სამუშაოდან მიღებული, ყოველდღიური ცხოვრებისთვის არასაკმარისი ანაზღაურების გარდა, დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა. სამთვიანი მეცადინეობის და დაკვირვების შემდეგ, ჟანა ნავროზაშვილისგან ქარგვა სამოყვარულო დონეზე, მაინც ისწავლა. ოჯახის შექმნამ საყვარელ ხელსაქმესთან დაკავშირებული გეგმები შეუცვალა, თუმცა, შეიძლება ითქვას, ქარგვა მისი ცხოვრების მთავარი საქმეა. მისთვის, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი  ნამუშევრები “ვეფხისტყაოსანი” და  ბავშვობის მოგონებებიდან, ქვეცნობიერში ჩამალული, კარლ ბრიულოვის “ვსადნიცა” გახდა.

პროფესიით არასდროს უმუშავია, ისე კი უნივერსიტეტში ტურიზმის ეკონომიკის, ორგანიზაციისა და ფინანსების ფაკულტეტზე სწავლობდა. ხუმრობით აღნიშნავს ხოლმე, რომ საკუთარ პროფესიას აქ, ემიგრაციაში ყოფნისას “იყენებს”, გარკვეულ ჯგუფებს ქმნის და თავისუფალ დროს ექსკურსიათმძღოლობას ითავსებს. თუმცა, ქარგვასთან სულიერი კავშირი და ქიმია აკავშირებს. ეს კი ერთ-ერთია, რაც მისთვის ცხოვრების ბოლომდე უცვლელად დარჩება.

ლია კერვალიშვილი ExclusiveTV-სთან ინტერვიუში, მისი ცხოვრებისეული სირთულეებისა და პრობლემების დავიწყების მიზნით ქარგვის შეუძლებელ სრულყოფილებაზე საუბრობს, რადგან ყველაზე დიდ სიმშვიდეს, თავისუფლებას, ცალკეულ დროსა და სულიერ სიშიშვლეს სწორედ, ეს სფერო მოითხოვს. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, მისი ყველაზე დიდი ოცნება სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობაა, რომ ბევრი ლამაზი ადგილი მოინახულოს, რადგან ფოტოების გადაღება სიმშვიდეს ანიჭებს. საკუთარი ხედვით გადაღებულ ფოტოებს კი განსაკუთრებული ხიბლით ქარგავს. თითქმის, ოთხი წელია ემიგრაციაში იმყოფება და როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დღეს, განსაკუთრებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე შესტკივა გული. განიცდის ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შედინებას და ქვეყნიდან ქართველების გადინებას. მისთვის საქართველო იმ შიშთან ასოცირდება, რაც სამშობლოში ვერ დაბრუნებას ახლავს. უკვე ისიც, სხვებივით ფიქრობს და ცდილობს, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, შვილები და ოჯახი გაარიდოს. გული შესტკივა, რომ გაჭირვებული ადამიანები იძულებულნი ხდებიან, საკუთარი სახლები და სამშობლო დატოვონ. ფიქრობს, რომ საქართველო ჯერ მხოლოდ მთავრობას, შემდეგ კი რუსები დარჩებათ. სოციალურ ქსელში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ყველა სიახლეს, შიშის გამო აიგნორირებს, რადგან სტრესის შედეგად, არაერთხელ შეჰქმნია ჯანმრთელობის პრობლემა.

- როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა ქარგვასთან?

- პატარაობიდანვე სპორტის გარდა არაფერი მაინტერესებდა, თუმცა, დედაჩემი არ მძლევდა სპორტის წრეებში ჩართვის უფლებას. მამაჩემი მოტივირებული იყო, რომ ხელოვნებით დავკავებულიყავი. შემიყვანეს ჭრა-კერვაზე, საკონდიტრო საქმის შესწავლაზე, ხატვაზე… ვერაფერი ვერ ავითვისე. მიტაცებდა სასაჩუქრე კონსტრუქციების დამზადება. დედაჩემი ქარგავდა და მეც მისგან ვისწავლე, თუმცა დღევანდელ საქმიანობასთან ამას კავშირი არ აქვს. როცა ჩვენს ქვეყანაში კუპონების ეპოქა და გაჭირვების პერიოდი იყო, სკოლის მერე პირველ წელს ვერ ჩავაბარე და საავიაციო ქარხანაში დავიწყე მუშაობა. იქ ერთი ქალი იყო, უზბეკი მშობლები ჰყავდა და ის ქარგავდა. იშვიათად, მაგრამ დამატებითი შემოსავლისთვის მოსწავლეები აჰყავდა ხოლმე და ქარგვას ასწავლიდა. პირველი მოსწავლე მე ვიყავი. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით სამი თვე ვიარე მასთან, მერე გავთხოვდი, არც დრო მქონდა და არც საშუალება. მახსოვს, პირველი ხატი, რომელიც დავქარგე, “თეთრი წმინდა გიორგი” იყო. იმ დროს ჯგუფში 4-5 ახალგაზრდა ვიყავით და ყველამ დაქარგა, მე ვერ ვასრულებდი, გველეშაპამდე, რომ მივდიოდი, ცუდად ვხვდებოდი, მკერდზე ბიძგს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ძალა უკუ მაგდებდა. ჩემს მასწავლებელს ვუთხარი, რომ არ შემეძლო ამ ნამუშევრის დასრულება და თვითონ დაასრულა. შემდეგ, გამიჩნდა ინტერესი, რომ კიდევ ერთი ხატი დამექარგა და ჩემმა დეიდაშვილმა წამიყვანა ლურჯ მონასტერში, სადაც ავიღე კურთხევა. მას შემდეგ მშვიდად ვმუშაობდი.

- რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქარგვისას?

- როცა ქარგვაზე მუშაობ, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად წაიკითხო და აღიქვა ის ნიმუში, რომლის დაქარგვასაც აპირებ, რომ მაქსიმალურად ზუსტად გადმოიტანო კონტურებიც და ფერებიც. მერე უკვე პრაქტიკაში იხვეწები და სტილიც გიყალიბდება.

- საკმაოდ, საინტერესო და დამაბნეველი ტერმინი აქვს ქარგვის იმ მიმდინარეობას, რომელსაც ძირითადად იყენებთ ნამუშევრებში…

- თითქმის, ოთხი წელია იტალიაში ვარ. თან წამოვიღე ნამუშევრები, რომლის დასრულებაც სამშობლოში ვერ მოვასწარი, ძაფები ჩემს შვილს გამოვაგზავნინე, რადგან ჯვრების ქარგვას სპეციალური ნომრების ძაფები სჭირდება, რომლით მუდმივი უზრუნველყოფაც, ემიგრაციაში ყოფნისას რთულია. ამიტომ, გადავწყვიტე, წლების მერე, ისევ “წყლით ქარგვას” დავბრუნებოდი. ეს არის იგივე, მხატვრული ქარგვა, ანუ, ფერებით უფრო ადვილად თამაშობ, არ არსებობს კონკრეტული სქემა. რასაც შენი მხედველობით აღიქვამ და ფანტაზია გიკარნახებს, იმით ხელმძღვანელობ მუშაობისას. სპონტანური და ბუნებრივია. “წყლით ქარგვისას” ძაფი ისე ჯდება ერთმანეთში, ნამუშევარი წყლის ზედაპირივით სწორი და გლუვი ხდება, ამიტომაც ქარგვის ამ მიმართულებას “წყლით ქარგვას” უწოდებენ. როცა რაიმე მომეწონება, ვაკეთებ ქსეროასლს, ვადიდებ, მერე გადამაქვს ნაჭერზე და ვუკეთებ გარეკონტურებს, დანარჩენი ყველაფერი ფანტაზია და მოცემულობაა, რომელსაც მუშაობის პროცესში ვხვდები. ხშირად უთქვამთ: “მასწავლე”. შეუძლებელია ეს ადამიანს ონლაინრეჟიმში ასწავლო. ამის ათვისება მხოლოდ მუშაობის პროცესზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ანუ, ვინც “წყლით ქარგვით” არის დაინტერესებული, უნდა იჯდეს ჩემს გვერდით, როცა ვმუშაობ და უნდა უყურებდეს, როგორ ხდება თითოეული დეტალის ამოყვანა.

- როგორ დაიწყეთ ქარგვა? ალბათ, კარგად ხატავდით ბავშვობიდან…

- დიახ, ბავშვობაში ნამდვილად კარგად ვხატავდი, სკოლაში გრაფიკულ ხატვას გვასწავლიდნენ. მახსოვს, ბინა ახალი მიღებული გვქონდა და ჩემს ოთახში, სადაც მხოლოდ თეთრი კედლები იყო, ჭიკარტებით გავაკარი ჩემი ნახატები, თითქოს, მინდოდა მშობლებისთვის გამოფენა მომეწყო. პირველად მამაჩემი დაბრუნდა სახლში და წავიყვანე ოთახში, რომ ენახა ჩემი ნამუშევრები. როცა ნახა ახალგალესილი კედელი ჭიკარტებით იყო დახვრეტილი, ჩამოგლოჯა ნახატები, მას შემდეგ არაფერი დამიხატავს. ყველას უკვირს, როგორ ვქარგავს, რადგან ყვავილის დახატვაც რომ მთხოვოთ, უბრალო, ვერ შევძლებ, ვერც მზეს დავხატავ, ვერც გულს - დაბრეცილი იქნება (იცინის), მაგრამ ქარგვა როგორ გამომდის არ ვიცი. ჩვენი პატრიარქი ისე დავქარგე ვერ მივხვდი, როგორ შევძელი, მერე ვიჯექი და ვიხსენებდი, თუ როგორ დავქარგე თითოეული დეტალი, თუმცა, ამაზე პასუხი არასდროს მაქვს.

- ხატების ქარგვას როცა იწყებთ, რაიმე წინაპირობა, ხილვა, ან ნიშანი ხომ არ გაქვთ ხოლმე? არაერთი ხატმწერისგან მომისმენია მსგავსი რამ…

- ხატების ქარგვის ინტერესი ყოველთვის მქონდა, ეს ჩემი, როგორც ხელოვანის დამახასიათებელი ნიშაა. ეკლესიაში, რომ შევდივარ და გადავათვალიერებ ხატებს, ვაკვირდები, რომელი არ მაქვს დაქარგული და რომლისგანაც მუხტი წამოვა, რომელიც შთამაგონებს, იმის ქარგვას ვიწყებ ხოლმე. სანამ ხატის ქარგვას დავასრულებ, ვიცი ვინც უნდა გახდეს მისი მფლობელი. ერთ ამბავს მოგიყვებით: იოანე ნათლისმცემლის ხატზე ვმუშაობდი და ყველაზე დიდი ტანჯვა მისი ქარგვის პროცესში განვიცადე. როცა მუშაობა დავიწყე, ვიცოდი ვისთანაც უნდა წასულიყო ეს ხატი დასრულების შემდეგ. მუშაობის მთელი პროცესის მანძილზე  მეწინააღმდეგებოდა რაღაც ძალა, ვეკითხებოდი ასე რატომ ხდებოდა და ნიშანს ვითხოვდი, წასულიყო თუ, არა იმ მფლობელთან, ვისთვისაც იყო განკუთვნილი. რომ დავჯდებოდი სამუშაოდ მეშინოდა, რომ ეს ტანჯვა ისევ გაგრძელდებოდა. როგორღაც დავასრულე ამ ხატზე მუშაობა, ფოტო გადავუღე და ჩემს შვილს გავუგზავნე, რომ ენახა და მისმა აღფრთოვანებამ დამაბნია. მეუბნებოდა, რომ ამაზე კარგი ჯერ არაფერი შემიქმნია და ეს ხატი მისი უნდა გამხდარიყო. ამის თქმა და მხრებიდან უდიდესი ტვირთი მომეხსნა. დავრწმუნდი, რომ მუშაობის დასრულების შემდეგ, თითოეული ხატი ყოველთვის პოულობს საკუთარ ადგილს.

- რომში, ქართული ტაძრის ერთ-ერთ კედელზე, თქვენ მიერ დაქარგული ხატია ვნახე…

- წლების განმავლობაში მინდოდა ეკლესიისთვის ხატი შემეწირა, თუმცა, ვერასდროს შემეწყო ამაში ხელი. როცა იტალიაში ჩამოვედი, არ ვიცი რატომ, მაგრამ მამა იოანესთან მივედი და ვუთხარი, რომ ხატის დაქარგვისა და ეკლესიისთვის შეწირვის სურვილი მქონდა. მან მითხრა, რომ ილია მართლის ხატი დამექარგა. როცა ამ ხატზე მუშაობა დავასრულე, 28 აგვისტოს, მარიამობას მოვიტანე ტაძარში და შევწირე. ემოციების გარეშე მიჭირს იმ განცდის გადმოცემა, რაც ამ დღემ მოიტანა. როცა ვნახე, რომ უცხო მიწაზე, ქართული ტაძრის კედელზე, ჩემ მიერ შექმნილი ხატი დააბრძანეს, საოცარი ემოცია განვიცადე. ერთ-ერთმა თქვა, რომ მამა გაბრიელის ხატიც არ ჰქონდათ ტაძარში. ვაპირებ, რომ მამა გაბრიელიც დავქარგო და შევწირო ჩვენს ტაძარს.

- ხატების გარდა, ძირითადად რას ქარგავთ ხოლმე?

- ჩემი ძირითადი მიმართულება არის ქალები. თვალები და სახე არის ყოვლისმთქმელი, რომელიც მაძლევს ქარგვის შთაგონებას. შეიძლება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიჯდე და ვინმეს მზერა დავიჭირო, მრავლისმეტყველი თვალებით ბევრი ადამიანია ჩვენ შორის. ბოლო დროს მხატვარ მონიკა ფრანკას ნამუშევრები მაქვს აკვიატებული, რომელიც ძირითადად რთულ პორტრეტებს მოიცავს. მეც ეს სირთულე მიჩენს აზარტს და ინტერესს, შევძლებ, თუ არა მისი რთული ნახატებით ქარგვას.

- როგორც ვიცი, ნამუშევრები საკმაოდ  გაქვთ დაგროვილი, თუ გამოფენილა სადმე?

- სამწუხაროდ, არასდროს მქონდა იმის საშუალება, რომ პერსონალური გამოფენა გამეკეთებინა. ადრე, როცა ჩემი მასწავლებელი გამოფენას გეგმავდა, დამიკავშირდა, თუმცა, მე უკვე ცხრა თვის ფეხმძიმე ვიყავი და ვერ მივიღებდი მონაწილეობას. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა… წამოსვლამდეც დამიკავშირდნენ, რომ 2019 წლის თებერვალში იგეგმებოდა გამოფენა, თუმცა, მე უკვე იანვარში იტალიაში წამოვედი და ვერც იქ მივიღე მონაწილეობა. ახლა უკვე ემიგრაციაში ვიმყოფები, სოციალურ ქსელში ქარგვის სხვადასხვა ჯგუფებში ვარ გაწევრიანებული და ერთ-ერთი ჯგუფი “ქარგვა ხელოვნებაა” ოქტომბერში  გამოფენას გეგმავს თბილისში, სადაც ჩემი რამდენიმე ნამუშევარი გამოიფინება, მათ შორის იქნება “ვეფხისტყაოსანიც”. საქართველოში, რომ ჩავალ, აუცილებლად გავაკეთებ გამოფენას, სადაც დამთვალიერებელს შეეძლება ჩემი ყველა, ძველი და ახალი, ნამუშევრის ხილვა. შეცდომიანებიც და უშეცდომოებიც ერთნაირად გამოიფინება.

- თქვენი ნამუშევრები არ არის გაყიდვაში?

- არა. არ ვყიდი არც ერთს. რადგან ისეთი დაბალი ფასები შემომთავაზეს, ჩემი ნამუშევარი არ მიღირს გასაყიდად. მართალია, ზოგიერთი ისეთი პატარა ზომისაა, მაგრამ ვინც არ იცის მასში რამდენი შრომა და სიყვარული დევს, მისთვის არაფერს ნიშნავს. დაახლოებით 10 წლის წინ, შეკვეთით დამიქარგავს 4-5 ხატი. მირჩევნია მე ვუყურო და დავტკბე, ვიდრე მიზერულ თანხაში გავცვალო. მე, ჩემს შთამომავლობას ჩემი ნამუშევრების დიდ მემკვიდრეობას ვუტოვებ.

- რამდენი წელია ქარგვით ხართ დაკავებული?

- დავბერდი.. 30 წელია ვქარგავ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ მუდმივად ამ საქმით ვიყავი დაკავებული. იყო პერიოდები, წლები, როცა საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებდი. ხან პრობლემები, ხან ოჯახი, ხანაც რთული სამსახური. უფრო დიდი მობილიზება აქ, ემიგრაციაში გავუკეთე საკუთარ თავს და ბოლო ოთხი წელიწადია, მეტად, პროდუქტიული გავხდი.

- ერთი ნამუშევრის შექმნას, ძირითადად, რა დროს ანდომებთ?

- დაახლოებით, A4 ფორმატის (ე.წ. “თაბახის ფურცელი”) ზომის ნამუშევრის შექმნაში, ერთი თვე, ან თვე-ნახევარი მჭირდება, დღეში 5-6 საათიანი მუშაობის შემთხვევაში. გააჩნია რა სირთულისაა და რამდენად ბევრი დეტალია ამოსაყვანი.

- როგორც ვიცი, “წყლით ქარგვის” შესწავლა, რომში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვისაც გახდება შესაძლებელი…

- საქართველოში როცა ჩავალ, ავიყვან ჯგუფს და ვეცდები, ყველა დაინტერესებულს ჩემი გამოცდილება

გავუზიარო. მანამდე კი, ძალიან მინდა და ვგეგმავ კიდევაც ემიგრანტებისთვის შევქმნა წრე, რომლის მეშვეობითაც, ვეცდები, მათი ემიგრაციაში ყოფნა შევამსუბუქო. არიან ქალები, ვისაც აინტერესებთ ეს სფერო და თუ, ვინმეს სურვილი ექნება, სიამოვნებით ვასწავლიდი ჯვრების ქარგვას, “წყლით ქარგვას” და ა.შ.

- რჩევები დამწყებთათვის…

- “წყლით ქარგვის” სტილით დაკავებულები მწერენ და მიგზავნიან ნამუშევრებს, ყველას ვეუბნები, რომ თუკი, რამე შეეშლებათ, არასდროს დანებდნენ. განავითარეთ საკუთარი თავი. შეცდომების დაშვების შემდეგ, მისი გამოსწორებით იწაფება თვალიც და ხელიც. გული არასდროს აიცრუოთ! წარმატებები ყველას, ამ რთულ საქმეში!

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 “ახალი პაპის” ქართველი მცველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა მჭედლიძესთან

📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

📌 ქართველ ემიგრანტს ოცნების ასრულებაში ჯან იამანი დაეხმარა - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაურა სამხარაძესთან


მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები