ქართველი დიპლომატები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

საქართველოს დიპლომატები  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ.

"ევროკავშირს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და მათ საპარლამენტო ორგანოებს; ევროკავშირის, ნატოს, ევროპის საბჭოს, ეუთოს წევრი-სახელმწიფოების მთავრობებს; საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს

ჩვენ, ყოფილი ქართველი დიპლომატები, ამ წერილით უკიდურესად საგანგაშო საკითხზე მოგმართავთ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფი გაუარესების ფონზე, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგები, რაც ავლენს პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და მძიმე ლითონით მოწამვლას.

"მისი მდგომარეობა საგანგაშოა. აშკარაა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არასათანადოდ მოეპყრნენ და აწამეს", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, 1997 წლის ნობელის პრემიის ლაურეატმა მედიცინაში, ექიმმა ჯეიმს კობიმ. "მის სიცოცხლეს გარდაუვალი საფრთხე ემუქრება, თუ არ გადაიყვანენ დასავლეთის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობას მიიღებს", - დასძინა ექიმმა კობიმ.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, პრეზიდენტ სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ახლა მას აქვს პატიმრობით გამოწვეული ფსიქოლოგიური, ნევროლოგიური, ორთოპედიული და კუჭ-ნაწლავის დაავადებები, რომლებიც განუხრელად აუარესებს მის მდგომარეობას. ამასთან, მედიკოსთა ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოაჩინა დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის კვალი. ამიტომ ექსპერტები მკაცრ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას სამედიცინო დაწესებულებაში შეერთებულ შტატებში ან დასავლეთ ევროპაში.

"პრეზიდენტ სააკაშვილს მიეცა სულ მცირე 14 სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატი, რომელთაგან ზოგიერთს არ აქვს ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს ავტორიზაცია", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა, შეერთებული შტატების წამყვანმა ტოქსიკოლოგმა დევიდ ე. სმიტმა. "ამ პრეპარატების მომაკვდინებელმა კომბინაციამ გამოიწვია ტვინის დისფუნქცია, მათ შორის, თეთრი ნივთიერების ატროფია პრეფრონტალურ კორტექსში, რომელიც პასუხისმგებელია თავის ტვინის მაკონტროლებელ ფუნქციაზე, და გაზარდა ავადობის და სიკვდილიანობის რისკი. ამიტომ აუცილებელია ამ წამლებისგან დაუყოვნებელივი დეტოქსიკაცია", - დასძინა დოქტორ სმიტმა.

2 დეკემბერს, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზებისა და კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატთა გუნდმა, მათ შორის, მასიმო ფ. დ'ანჯელომ, ამერიკული საადვოკატო კომპანია „აკერმანის“ ადვოკატმა საქართველოს სასამართლოს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის გადავადებისა და საქართველოდან უცხოეთში სასწრაფოდ გადაყვანის მოთხოვნით.

პრეზიდენტ სააკაშვილისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის ნების დართვა იქნება პირველი ნაბიჯი, რაც ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ჩარევის შიშისგან თავისუფალი, დასავლური სტანდარტის კვლევების ჩატარებისა და მკურნალობის საშუალებას მისცემს. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუციით დადგინდა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელი რეჟიმის პოლიტპატიმარია. ის უნდა გათავისუფლდეს. როდესაც საქართველო ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ევროპის მთელი უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, მოვლენათა დღევანდელი განვითარება აბსოლუტურად მიუღებელია.

ჩვენ, ყოფილ ქართველ დიპლომატებს, გვსურს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მივიპყროთ და მოვუწოდებთ შესაბამის მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დღევანდელ მდგომარეობაზე რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება მოახდინონ", - აღნიშნულია წერილში.

მიმართვას ხელს აწერენ: გიორგი ბადრიძე; დავით ბაქრაძე; გელა ბეჟუაშვილი; კონსტანტინე გაბაშვილი; მამუკა გამყრელიძე; პაატა გაფრინდაშვილი; გიგი გიგიაძე; თორნიკე გორდაძე; ნიკოლოზ ვაშაკიძე; გრიგოლ ვაშაძე; თემურ იაკობაშვილი; სერგი კაპანაძე; ზურაბ კვაჭაძე; გიორგი კუბლაშვილი; ტარიელ ლებანიძე; ალექსანდრე ლომაია; ეკატერინა-მაირინგ მიქაძე; გრიგოლ მგალობლიშვილი; ლევან მეტრეველი; ნინო ნაკაშიძე; ალექსი პეტრიაშვილი; მამუკა ჟღენტი; სალომე სამადაშვილი; დავით სიხარულიძე; ბათუ ქუთელია; შოთა ღვინერია; ვალერი ჩეჩელაშვილი; ზურაბ ჭიაბერაშვილი; გია ჯაფარიძე; ნათია ჯაფარიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ქეთი კარგი ადამიანი იყო… ერთმანეთი ცოტა ხნის წინ, ჟენევის საავადმყოფოში გავიცანით…“ - მამა იერონიმე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

🔵 რა გელოდება დღეს? - 6 დეკემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794329164

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს

„ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა“, - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი...

მარიამ ქვრივიშვილი

1794328054

ახალი ამბები

გიორგი კახიანი: როდესაც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა ადამიანის უფლებებს სისტემურად და სისტემატურად არღვევს, ასეთი ქმედებებით ის კონსტიტუციურ წყობილებას ამხობს - ამ შემთხვევაში საუბარია იმდროინდელ მმართველ პარტიაზე - „ნაციონალურ მოძრაობაზე“

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებებისა...

გიორგი კახიანი

1794325945

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794325582

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

„პარიზის მშვიდობის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს მირეია აგუეროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ს...

მაკა ბოჭორიშვილი ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1794323319

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობებისთვის მშვიდობა იქცეს რეალობად, რომელშიც თითოეულ ბავშვს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ექნება შესაძლებლობა, გაიზარდოს უსაფრთხო გარემოში

„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელით „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მიღება. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელსაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში უწევს უსაფრთხოების გამოწვევებსა და რისკებთან გამ...

მაკა ბოჭორიშვილი