„მალე სახლში დავბრუნდები, იყოს დანგრეული კედლები, ოღონდ ჩემი ესმოდეთ და მე მესმოდეს მათი“ - ემიგრანტების ევროპული ცხოვრება

მეშვიდე წელია საემიგრაციო ცხოვრებას ევროპის შუაგულიდან, გერმანიიდან ვაკვირდები. ქვეყანაში მაჯის ცემა მხოლოდ ერთ სიტყვაზე “მუშაობა”- ზე ფეთქავს. მაშინ როცა მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყანა ინფლაციას განიცდის და ცხოვრებისეულ გამოწვევებს უმკლავდება, გერმანიაში სამუშაო წესრიგისა და ანაზღაურების თემა აქტუალობას არ კარგავს. დასაქმებულთა საშუალო კოეფიციენტი ქვეყანაში იმდენად მაღალია, რომ აქ თითქმის უმუშევარს ვერავის ნახავთ. ქვეყანა ახორციელებს უამრავ სტუდენტურ პროგრამასა და სწავლის პირობას რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის უცხოელსაც შეუძლია და სავიზო საკითხების მოგვარების შემდეგ, ლეგალურად ცხოვრების უფლებაც ენიჭება.

პანდემიის მიუხედავად ქვეყანას არ შეუწყვეტია მუშათა კლასის ინტერესების დაცვა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი “კოვიდის” პერიოდშიც კი ხელფასებს დასაქმებულები ე.წ “დარჩი სახლში”-ს პერიოდშიც იღებდნენ.

გასტრონომიის სფერო, რომელშიც მეოთხე წელია ვმუშაობ პანდემიის დროს ნახევარ სამუშაო განაკვეთზე გადავიდა, თუმცა ანაზღაურება თითქმის იგივე დარჩა. ერთადერთი რაც ქვეყანაში მცხოვრებთათვის საწუწუნო თემა გახდა საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასებია, თუმცა ანაზღაურება იმდენად მაღალია, რომ სიდუხჭირეს აქ არავინ განიცდის, უფრო მეტიც არსებობს სპეციალური პროგრამა რომელიც თანხას იმ ადამიანებსაც კი უხდის, ვინც უმუშევართა რიგებში ირიცხებიან.

ოფიციალური ინფორმაციით გასტრონომიის სფეროში დასაქმებულებს ხელფასი 6,6 პროცენტით გაეზარდათ, რიგი კომპანიები ბონუსის სახით დასაქმებულებს ერთჯერად თანხასაც გადასცემს, იმ ქართველების ინფორმაციით რომლებიც წლებია გერმანიაში მოღვაწეობენ, იყო შემთხვევები როცა დამსაქმებელმა კომპანიამ თანამშრომლებს ელექტროენერგიის გაძვირების გამო, წამახალისებელი პრემია უსაჩუქრა.

სწორედ ასეთი მიმზიდველი ხელფასებით, გერმანია ბოლო პერიოდში ქართველებისთვის დასაქმების ერთ-ერთ გზად იქცა, პოლონეთისა და იტალიის შემდეგ, რიცხობრივად ქვეყანა არაფრით ჩამოუვარდება მათ ოდენობას, როგორც ჟურნალისტს ხშირად მიწევს ადამიანებთან კომუნიკაცია და აქტიურად ვაკვირდები იმ ემიგრანტების ყოფა-ცხოვრებას ვინც გზის გაკვალვას აქ ცდილობს. უმრავლესობა რჩევის სახით მომმართავს, რა გზით მოხვდეს აქ ენის ცოდნის გარეშე და მარტივად, რაც ურთულეს გზასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ყოველთვის, ყველას მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ: გზა სწავლა განათლებით დაიწყოს, თან მაშინ როცა ქვეყანა ამის საშუალებას გაძლევს. მქონია შემთხვევები როცა ახლობელი ადამიანი გამინაწყენებია მხოლოდ, იმის გამო, რომ მითქვამს ესწავლა ენა და აქ ამ გზით მოხვედრილიყო.

სტატიაში მინდა ყურადღება გავამახვილო ემიგრაციის იმ უარყოფით დეტალებზე რაც არ ჩანს და რაზედაც ადამიანები საუბარს გაურბიან, როცა არალეგალად იმყოფებიან. პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე, შემხვედრია ადამიანები რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დასჭირვებიათ მაგრამ ექიმთან ვერ მისულან, მიზეზი საბუთების მოუწესრიგებლობაა, ე.წ „შავად“ ყოფნა. ემიგრაციის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი და მკაფიო სინამდვილე ნერვული შეტევებია რაც მოქალაქეებს აქ ყოფნის განმავლობაში ემართებათ, არსებობენ ისეთებიც რომლებსაც ექიმთან ვიზიტის რცხვენიათ და ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს, დუმილს ამჯობინებენ.

როგორია სინამდვილეში ემიგრაცია და არის თუ არა რეალობა ყველასთვის ნაცნობი ფრაზა - „შორიდან ყველაფერი ლამაზია“, „ექსკლუზივ ტივის“ გერმანიის ჟურნალისტი, მე სოფო კორტავა იმ რესპონდენტებს გაგაცნობთ რომლებიც ჩემთვის 21 საუკუნის ომში, ემიგრაციაში იმყოფებიან. ჩემი გაოცება გამოიწვია იმ ადამიანებმა რომლებიც უცხოეთში მომვლელის სტატუსით არიან წამოსულები და ვფიქრობ ამ დროს მოვლასა და ზრუნვას თავად საჭიროებენ. ვითვალისწინებ მათ ინტერესებს და სახელებს ვცვლი.

თამარა 60 წლის. გერმანია. (დიახ, არ მოგეჩვენათ ქალბატონი 60 წლისაა და ფრანკფურტთან ახლოს ცხოვრობს, უვლის ხანდაზმულ ადამიანს) „ წამოვედი შვილო რა მექნა, ოჯახიდან მხოლოდ შვილი მუშაობდა, შემოსავალი არ გვქონდა საკმარისი, სახლი სადაც ვცხოვრობთ ხელის შევლებას საჭიროებდა, საჭმლის ფულს ძლივს ვახერხებდით და დამატებითი ხარჯების არიდება გვიწევდა, თანამედროვე ცხოვრებაა, რძალი მოვიყვანეთ, პირობები ხომ უნდა შეუქმნა, სხვისი შვილი კი იცით როგორ ყურადღებას ითხოვს, ტაშტზე ხომ არ დაიბანდა? სარემონტო სამუშაოები, რომ ჩაატარო იმდენ ხარჯს მოითხოვს, სად გვქონდა? აქ ყოფნა მიჭირს, ენა არ ვიცი, მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წნევებს ვუჩივი, პასპორტს ვერ გამოვაჩენ და ამიტომ ექიმთან ვერ მივდივარ. რაც მამშვიდებს მზის შუქია დილით, რომ ვხედავ და მიხარია ცოცხალი, რომ ვარ, თქვენ ჟურნალისტი ხართ და იცით სიტუაციის სწორად შეხედვა, აბა წარმოიდგინე შვილო, მეტყვის რამეს მოხუცი, ნახევრად ვერ ვიგებ რა უნდა, როგორ უნდა ვიყო? ამ ნერვიულობას ჩემი მონატრებულ ოჯახზე ფიქრი ემატება და ძალიან განვიცდი. ესაა რეალობა, კი აქ წამოსვლას ვნანობ და მალე ქვეყნიდან მივდივარ სახლში, იყოს დანგრეული კედლები ოღონდ ჩემი ესმოდეთ და მე მესმოდეს მათი.

თეკლე 41 წლის, გერმანია. საქართველოში ჯარში ვმსახურობდი ექთნად, შემცირებაში მოვყევი და ისევე როგორც ყველამ, მეც ჩემოდანი ჩავალაგე და პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩამოვედი. მუშაობა ფსიქიკურად დაავადებულ შუახნის ქალთან მიწევდა, კართან იდგა და მალულად მიყურებდა, ისე მეშინოდა სულ ვკანკალებდი, დალევა უყვარდა და ასე შეშინებული ვიმუშავე 6 თვე ამ პირობებში. გაბრაზებული ვარ ჩემს ქვეყანაზე, ვთვლი, რომ არ დამაფასეს, სად როცა პროფესიით მუშაობ და სად როცა უცხო ქვეყანაში ხარ და უვლი ადამიანს რომლის კულტურა სხვაა, ტრადიციები სხვაა, მიდგომა სხვაა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, შენი არ ესმის მას და მისი არ გესმის შენ. დედას ვუვლი, ქვრივი ქალი ვარ, სამეგრელოს რაიონში ვცხოვრობთ, სოფლის პირობებით, შვილი სტუდენტი მყავს, მომავალი ხომ უნდა? ქირა, ჭამა, გადასახადები, ყველაფერს მე ვუმკლავდები და ასე ოჯახ-ოჯახ დავდივარ, გერმანიის ყველა ქალაქი მოვიარე, ვუყურებ ამ სახლებს, ადამიანებს და ვფიქრობ ჩემს ქვეყანაზე. დასვენების ერთი დღე მაქვს, რადგან „შავად“ ვარ გარეთ გასვლას თავს ვარიდებ და ჩემს დასვენებასაც სახლში ვატარებ, რა გითხრათ ამაზე მეტი, თავი ციხეში მგონია და სასჯელს ვიხდი.

თორნიკე 30 წლის. იტალია. რომელიმე ჩემს ძმაკაცს, რომ მოვუყვე ჟურნალისტს ინტერვიუ მივეცი მეთქი არ დამიჯერებს, შეცვალეთ რა ჩემი სახელი, რა ვქნა კი არ მრცხვენია, პატიოსანი მუშაობა „არ ტეხავს“ მაგრამ თბილისში უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ვერ ვიშოვე სამსახური, ვიწვალე და არ გამომივიდა და დღეს იტალიაში ვარ, მოხუცს ვუვლი, გავბრაზდი და წამოვედი, ამხელა კაცი მამას ხომ არ ვეტყოდი სიგარეტის ფული მინდა-მეთქი, შეყვარებული მყავდა და ყავაზე ვერ ვპატიჟებდი, რა მექნა არ მქონდა. დღეს ისეთი ცხოვრებაა მოსული, კინოში გინდა წახვიდე, მუზეუმში, განვითარების ეპოქაა და როცა ფული არ გაქვს „ტეხავს“, ბევრ ჩემს მეგობარს ვუმალავ როგორც ვმუშაობ იმიტომ, კი არა, რომ მრცხვენია უბრალოდ არ დამიჯერებენ ამას, ფიქრობენ, რომ თუ ახალგაზრდა ხარ და უცხოეთში ხარ ე.ი. იპარავ, არადა მოხუცს ვუვლი, დედას გეფიცები არ გატყუებთ, ძმაკაცებივით ვართ. ვოცნებობ ჩემი ჭერი მქონდეს, ქართველი ცოლი მყავდეს და ბევრი შვილი. ენა ვისწავლე, მერამდენე ოჯახია სადაც ვმუშაობ და სამმა მოხუცმა ჩემს ხელებში დალია სული, არ დაიჯერებთ მაგრამ ვიტირე, მერე ეჩვევი ამ ცხოვრებას და ემიგრაციაც შენი ნაწილი ხდება, ჩემი ხელებით დავუხუჭე სამივეს თვალი.

ეკა 32 წლის, გერმანია. სამი წლის შვილი დავტოვე (ტირის), მე და ჩემს მეუღლეს ცალკე ცხოვრება გვინდოდა, მოგეხსენებათ ქართული ოჯახი, ყველა ერთად ცხოვრობს, გვინდოდა გადასვლა, რაიონში ვცხოვრობდით, ცალკე ცხოვრებისთვის საჭირო პირობების შექმნა მარტივი არ არის, ეს გზა ვიპოვეთ, ემიგრაცია. მე გერმანიაში ვარ, ქმარი პოლონეთში, ბავშვს ბებია ზრდის, ის ჰგონია დედა. წავალ კი მაგრამ ემოციები მაქვს დაკარგული, გამოფიტული ვარ. ბაბუას ვუვლი, სახლს ვალაგებ და დრო ასე გამყავს, ინტერნეტი, რომ არ იყოს გავგიჟდებოდი. ნერვული შეტევები მაქვს, ახალგაზრდა გოგო ვარ და ფეთქებადი გავხდი, მაღალი ხელფასი კარგია კი მაგრამ ჯანმრთელობაც უპირველესია, მერიდებოდა ექიმთან მისვლა, დამამშვიდებლის დალევა დავიწყე.

ნატო 58 წლის, იტალია. რა ვთქვა შვილო, „ფული გამომიგზავნეს“ მეტი არაფერი მესმის ჩემი ქვეყნიდან, შინაური, გარეული ყველა ფულზე მწერს და მირეკავს, ხალხს ჰგონია ემიგრაცია ამდიდრებს, ზოგი ისეთი უსინდისოა, მავალდებულებს გაგზავნას, მანიპულირებენ ისეთ ტექსტებს მიგზავნიან. ეს ცხოვრება მოვიდა, დანდობა არ არის, თუ უცხოეთში ხარ ავტომატურად ფულის ქონას ნიშნავს და ჩვენ აქ მყოფებს რა სირთულე გადაგვაქვს მხოლოდ ჩვენ ვიცით, მოხუცს ვუვლი, თავისით ვერ ჭამს, მე უნდა ვაჭამო, ყოფილა შემთხვევა შეუფურთხებია კიდეც, ცრემლებს ვყლაპავდი.“

გვანცა 38 წლის, იტალია. იტალიაში დაბალია ანაზღაურება, ვერ ვწვდები ხარჯებს და გერმანიაში გადავდივარ, იმდენად რთულია პროცესი და იმდენად დაღლილი ვარ, სათქმელი არაფერი მაქვს, სახლში მინდა იმ სახლში რომელსაც აწვიმს, რომ მცოდნოდა ასე გამიჭირდებოდა არ წამოვიდოდი, აგენტი იმდენ თანხას ითხოვს, ოჯახი, რომ მოიძებნოს, ეს კიდევ ცალკე თემაა და ამაზეც დაწერეთ, დანდობა არ იციან, ათას ხუთასი ევრო გადავიხადე, რომ ოჯახი მოეძებნა, როგორ ფიქრობთ ამდენი ფული, რომ მქონდეს აქ წამოვიდოდი? ეს ვალად ავიღე. ჩემს ქალაქში არ დამაფასეს, ჩემი სფერო დაუფასებელია, ყველა გარბის ვისაც კი ვიცნობ, მეც გავიქეცი.

ელენე 24 წლის, ფოთი. ვტოვებ ჩვენს ქვეყანას, გვერდით ოჯახი მიდგას, მეხმრებიან განვითარებაში, სწვალას ვაპირებ გერმანიაში, ვხედავ აქ მომავალი არ მაქვს, პროფესიული განათლება მაქვს მიღებული და ვიცი ამ კუთხით გერმანია კადრებს ეძებს, გადავწყვიტე ვიზა ავიღო და თავის რჩენის მიზნით მივდივარ, არ მინდა წლები აქ გავლიო არაფრის ლოდინში, ფოთში ვერ ვიპოვე სამსახური, ახალგაზრდა ვარ, მუშაობა არ მეთაკილება, მჯერა მიზანს მივაღწევ, ფული არ არის ყველაფერი მაგრამ რა ვქნა, მჭირდება და ოჯახს ჩემთან ერთად სხვა გასავალიც აქვს, წასვლით მათაც დავეხმარები და საკუთარ თავს განვითარების უფლებას მივცემ. საელჩოში შეხვედრა მაქვს. ეს ადამიანები ერთი დიდი მატარებლის მგზავრები არიან რომლის დანიშნულებაც და გაჩერებაც ერთია – სოციალური პირობების გაუმჯობესება, თავის გადარჩენა. ეს არაა ყველა ის ამბავი რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვუსმენ, შევეცადე ამომეკრიბა საკითხები, რომელზედაც საუბარს ადამიანები გაურბიან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინტერვიუს მიცემაზე უმრავლესობა თავს იკავებს, მიზეზები ულევია თუმცა ესაა ემიგრაციის სარკე, ყველასთვის ნაცნობი ფრაზა: „შორიდან ყველაფერი ლამაზია“ - რომელშიც ყველამ უნდა ჩავიხედოთ .

ავტორი: სოფო კორტავა. გერმანია. ფრანკფურტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ემიგრაცია: „ანორექსიის პირას მისულს, ოჯახი მიხვდა რომ კვება მჭირდებოდა და ვიტამინები თავისით მიყიდა“

📌 “ემიგრაციაში ქალები ძალიან სწრაფად დადიან, რადგან…” - ემიგრანტი იტალიიდან

📌 "იტალიელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ "მომვლელები!" - ემიგრაციაში დაწერილი 8 წიგნის ისტორია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714066526

საზოგადოება

„იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე... უკვე მოიფიქრე, რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?“ - გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს. „გათენდა - ის.გამითენდა - ის მე...

საზოგადოება

1714065355

ახალი ამბები

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი“- სოზარ სუბარი

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,“ - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. მისი თქმით, საქართვ...

სოზარ სუბარი

1714065155

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილი ევროპის ჩემპიონია

ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატისოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში თურქი მუჰამედ დემირელი დაამარცხა და კარიერაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის წოდება....

მარგველაშვილკ

1714061589

ახალი ამბები

კახა კალაძე: დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში

დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალ...

პოლიტიკოსეი

1714060591

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც, - ამის შესახებ ინფორმაცი...

წვიმააა